ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტი კნუტ აბრაჰამი მოუწოდებს მინისტრთა კომიტეტს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, „ვიდრე გვიანი არ არის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 2 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 3 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 „ქართული ოცნება“ რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს - აშშ-ის დაზვერვა
„ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და მათი გისოსებს მიღმა მოქცევა, დემონსტრანტების ცემა და დაპატიმრება - ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს, ეს დღეს რეალობაა რუსეთსა და ბელარუსში. ძალიან დიდ ხანს ვუყურებდით ერთი მეორეს მიყოლებით, როგორ მიიღებოდა რეპრესიული კანონები მანამდე, ვიდრე გვიანი არ იყო, მაგრამ ჩვენს შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია. ასე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან დაკავშირებით, თუ არ გვინდა, რომ მეორე ბელარუსი მივიღოთ კავკასიაში! საქართველოში ყოველდღე ახალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აპატიმრებენ. როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, საქართველომ ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიის დაცვის ვალდებულება აიღო. მინისტრთა კომიტეტს მოვუწოდებ, დაიცვან ევროპის საბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, ვიდრე გვიანი არ არის!“, - განაცხადა აბრაჰამმა.
„ოპოზიციური ხმების დაპატიმრება თავდასხმაა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითი დღე იშლება. გვერდში ვუდგავარ მათ, ვინც თავისუფალი და პლურალისტური ქართული საზოგადოებისთვის იბრძვის და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ისინი, ვინც უსამართლოდ არიან დაკავებული“, - დაწერა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსიმ.
საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას გამოეხმაურა ევროპარლამენტში „ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ (ALDE) პრეზიდენტი, სვენია ჰანი.

„აღშფოთებული ვარ! საქართველოში რეჟიმმა ლიბერალური ოპოზიციის კიდევ სამი ლიდერი დააპატიმრა. ეს პოლიტიკური დევნაა. საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების ეროზია ჩვენ თვალწინ ხდება.
„ქართული ოცნების“ რეჟიმს უნდა ეშინოდეს მიმდინარე დემონსტრაციების, მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლისა და ხმამაღალი ოპოზიციის.
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ლიბერალური პარტიების დაპატიმრებული ლიდერები, მოუხსნას ბრალდებები ოპოზიციას და საქართველო დააბრუნოს ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რასაც საქართველოს კონსტიტუციას მოითხოვს“, - განაცხადა ALDE-ს პრეზიდენტმა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ამდენივე სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელს გიორგი ვაშაძეს. 8 თვით დააპატიმრეს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
იგივე ბრალდებით დაპატიმრებულები არიან კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლებმაც აღკვეთის ღინისძიების სახით შეფარდებული გირაო არ გადაიხადეს. მათ მიმართ განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.
ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. 23 ივნისისთვის ის მეორედ დაიბარეს ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით, თუმცა ცნობილი გახდა, რომ გახარია საქართველოში არ იმყოფება და დისტანციურად ჩართვა ითხოვა, რაზეც უარი უთხრეს. ე.წ. საგამოძიებო კომისიამ გახარია განმეორებით 2 ივლისისთვის დაიბარა. მანამდე, გამოუცხადებლობისთვის მისი საქმე პროკურატურას არ გადასცეს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სასამართლომ ოპოზიციის ლიდერები სწორედ ამ მუხლით ცნო დამნაშავეებად და დაპატიმრებასთან ერთად, ყველა მათგანს 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
