საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში იმყოფება, სადაც „ხმის ნიმუშის ასაღებად“ დაიბარეს. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, როგორც ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „არათუ ხმა, ბგერა არ არის“ მისი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 4 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 5 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
- 6 ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავეს
„1000%-ით ფალსიფიცირებულია. ვისაც აინტერესებს, მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიკადრებია ბატონო პაატასთვის „პაატათი“ მიმართვა. ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებით ველაპარაკები. მამაჩემის ტოლა კაცია და საერთოდ სხვა სახით ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
ბაჩო ახალაიამ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვლის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის „იყო მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო პერიოდის ნაბიჯებისა, რომელიც დამხობის ორგანიზებას გულისხმობდა“, თქვა:
„ძალიან მრცხვენია, ძალიან მიტყდება, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. სამწუხაორა, ძალიან სამწუხაროა.
მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმეს ორგანიზება სჭირდებოდა? საკუთარი თვალით ვერ ხედავენ, სად ცხოვრობენ? ბატონი პაატას, ლევან ხაბეიშვილის, მურთაზ ზოდელავას მოსაზრების ფორმირებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება, თუ მიტინგზე ხალხის მოსვლას ან შემდეგ ნებისმიერ ნაბიჯს შეატყო ვინმემ ორგანიზება?
რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები, როგორებიც არიან ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი და სხვები, რომლებსაც არ სჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაც სამოქალაქო, მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ, ვინმეს კარნახი, რაიმე სახის ორგანიზება“.
ბაჩო ახალაიას თქმით, მიმდინარე მოვლენებთან კავშირში მისი სახელისა და გვარის ხსენება პროპაგანდის ნაწილია:
„ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. 13 წლის განმავლობაში უამრავი რესურსი დახარჯეს, რომ რამდენი ბუა ჰყოლოდათ, მათ შორის ერთი-ერთი მე ვარ.
ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, რომ ადამიანებმა რაც დაინახეს, გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო, სინამდვილეში ქართველები კი არ ვარსებობთ, სინამდვილეში ჩვენ არ გვყავს, 5, 15 ან 100 კაცი, რომელსაც შეუძლია თავგანწირვა, სინამდვილეში ვიღაცები ვიღაცებს უნდა აიძულებდნენ, რომ იყვნენ პატრიოტები. ეს არის კიდევ ერთი დამცირების მცდელობა მაგ საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოსი“.
ახალაია არ გამორიცხავს, რომ ისიც შეიძლება დააკავონ.
„რატომ უნდა გამოვრიცხო?! მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ საერთოდ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა“, – აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას საჯაროდ შესთავაზა სამი ვარიანტი: „ან ყველა ციხეში, ან ყველამ ქვეყანა დატოვოს, ან ყველა გარუსდით“.
„მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი, გადაჭარბების გარეშე, არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი, კიდევ უფრო ქაქუცას დროინდელი - ეს იყო მართლა საოცრება, პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებმა გაბედეს, გააკეთეს... დამარცხდნენ იმ ბრძოლაში. მე მოხიბლული ვარ.
მშვიდობიანი აჯანყება იცით რას ნიშნავს? ბატონ პაატას და ბატონ მურთაზს ხელში არაფერი ეჭიურათ, აირწინაღიც კი არ ეკეთათ. ეს არის მშვიდობიანი აჯანყება“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
4 ოქტომბრს, ღამით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა ტელეარხებმა „იმედმა“ და „POS TV-მ“, ასევე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, სადაც, თითქოს პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია აქციის შესახებ საუბრობენ. ამ კონტექსტში ისმის სიტყვები „სისხლი“, „თავ-პირის მტვრევა“ და „იარაღი“. ჩანაწერის გავრცელებიდან მალევე ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ის ფალსიფიცირებულია. ფალსიფიკაციაზე მიუთითებს „მითების დეტექტორიც“, რომელმაც ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული აუდიოს ამომცნობი ორი ხელსაწყოთი შეისწავლა: Hiya-ს თანახმად, აუდიო 75%-ით AI გენერირებულია, ხოლი Deepfake-O-Meter-ის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის კვალი 84%-დან 100%-მდეა.
4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის 46 პირია დაკავებულია. მათ შორის არიან აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
