ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზღუდერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – წმინდა გიორგის ეკლესია გაანადგურეს. სპეციალისტების განცხადებით, ისტორიული ძეგლი, რომელსაც მე-5 საუკუნით ათარიღებდნენ, ფაქტობრივად, საძირკვლამდე დაშალეს, მის ადგილას კი ურბნისისა და რუისის ეპარქია ბლოკით ახალ ეკლესიას აშენებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ხელოვნების ისტორიკოსები და არქეოლოგები მომხდარს ვანდალურ აქტს უწოდებენ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელი თამთა დოლიძე განმარტავს, რომ ეკლესიის სტრუქტურა, მიუხედავად დაზიანებებისა, სრულად აღქმადი იყო, ახლა კი ის დაკარგულია.
„კედლები და ბურჯები შემორჩენილი იყო ისეთ დონემდე, რომ ნაგებობის სტრუქტურა აღქმადი იყო. ეკლესია მთლიანად დაანგრიეს, დატოვეს მხოლოდ ცოკოლი, ზემოდან ბეტონი დაასხეს და დააშენეს ბლოკით ნაგები ახალი ეკლესია, რომელსაც ნაწილობრივ ძველი ეკლესიის ქვებით მოაპირკეთებენ. ეს ნიშნავს, რომ ძეგლი დღეს უკვე აღარ არსებობს და ამიერიდან მასზე მსჯელობა მხოლოდ საარქივო მასალითაა შესაძლებელი“, – აცხადებს თამთა დოლიძე.
არქეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე აღნიშნავს, რომ ძეგლის განადგურებით მოისპო პირველხარისხოვანი ისტორიული ინფორმაცია:
„მოთხარეს, ამოძირკვეს, მოსპეს პირველხარისხოვანი ინფორმაციაც და დიდებული ტაძრის მთელი ძირითადი სხეულიც.
იმის მაგივრად, რომ არქეოლოგიურად უზუსტესად შეგვესწავლა და სათუთად შემოგვენახა რეაბილიტაციის შემდეგ შთამომავლობისთვის... არასდროს ვაპატიებთ ამ ბარბაროსობას“.
ზღუდრის ადმინისტრაციულ ერთეულში ქარელის მერის წარმომადგენელი, მალხაზ სანებლიძე „საქართველოს ამბებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ წმინდა გიორგი ეკლესია გასული წლის შემოდგომაზე ურბნისისა და რუისის ეპარქიის წარმომადგენლებმა დაშალეს.
„ვკითხე და ყველა საბუთი გვაქვსო. მუნიციპალიტეტის მერიამაც იცის, მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძე გავაფრთხილე“, - აცხადებს მერის წარმომადგენელი.
ქარელის მუნიციპალიტეტი რუის-ურბნისის ეპარქიის შემადგენლობაშია. „საქართველოს ამბები“ ცდილობს, პასუხი მიიღოს რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობ აქიაშვილისგან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან, გაცემული იყო თუ არა ძეგლის დაშლისა და ახალი ეკლესიის მშენებლობის ნებართვა.
ურბნისისა და რუისის ეპარქიის მღვდელმთავრის მდივანმა, მორჩილმა პარასკევამ „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ „არ იცის, რომელი ეკლესიის დაშლაზე ველაპარაკებით... მეუფე იობი ეკლესიებს არ ანგრევს, აშენებს“. მას შემდეგ, რაც მას განადგურებული ძეგლის ფოტოები გავუგზავნეთ, მორჩილმა პარასკევამ მოგვწერა: „ეს წმინდა გიორგი სახელობის არ არის, წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობისაა.
ვინაიდან ძეგლი იყო ძალიან დაზიანებული და უფრო და უფრო ზიანდებოდა დროთა განმავლობაში, გადაწყდა მისი შენარჩუნება ამ გზით. პროექტი შეთანხმებულია ძეგლთა დაცვაში, ქვები დანომრილი და ა.შ.“
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, წმინდა გიორგის ეკლესია (N7088) კომპლექსური ძეგლი იყო, რომლის ფენები მე-4-დან მე-18 საუკუნემდე პერიოდს მოიცავდა. ძეგლი იყო დარბაზული ტიპის და ნაგები იყო რიყისა და ქვიშაქვის შერეული წყობით.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ: „მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა. სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას. ვითარების თაობაზე, ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს. მონიტორინგის სამსახური ადგილზე ვითარებას კიდევ ერთხელ შეაფასებს, რის შემდეგაც განხორციელდება კანონით განსაზღვრული ქმედებები. სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება“.
კულტურული მემკვიდრეობის განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
„საქართველოს ამბები“ აგრძელებს საკითხის შესწავლას და მასალას ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე განაახლებს.
