სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრ ვუსალ კაიბოვს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. კაიბოვი პოლიციამ ორი დღის წინ საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში დააკავა. მას ბრალად სანადირო თოფისა და 59 ვაზნის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. კაიბოვი ბრალს არ აღიარებს. როგორც ის ამბობს, ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 5 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვუსალ კაიბოვი 10 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებდნენ, რომ საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლებმა კაიბოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაცვის მხარის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით, ერთი იარაღი გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდა, ხოლო მეორე კაიბოვს არასოდეს უანახავს.
„პოლიცია მოვიდა და მითხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ, რადგან ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ჩემს სახლში ნარკოტიკი და უკანონო იარაღი იყო. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. იპოვეს ორი დაჟანგებული თოფი, რომელიც აქამდე თვალით არ გვინახავს.
დაკავებას ცალსახად ვუკავშირებ ჩემს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობას. უსაფუძვლო ჩხრეკას სხვა ახსნა არ აქვს. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ მივიღე შეთავაზება, მათ მხარეს გადავსულიყავი. მე უარი ვუთხარი და ავუხსენი, რომ ჩემი პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული მქონდა. საპასუხოდ, დამაკავეს“, - თქვა კაიბოვმა 11 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ვუსალ კაიბოვს ბრალდება 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარუდგინა. აღნიშნული მუხლი უფრო მსუბუქ დანაშაულს ეხება და გულისხმობს სანადირო თოფის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.
„დაკავების დღიდან ის თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ ყველა ბრალდებაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პროკურატურა, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის პასუხის საფუძველზე, იძულებული გახდა, მუხლი გადაეკვალიფიცირებინა. მტკიცებულებებით ვერ დასტურდება რომელიმე იარაღის შეძენის ან ფლობის ფაქტი“, - აღნიშნა ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ.
პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის განცხადებით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.