ე.წ. 4 ოქტომბრის 15-პირიანი საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღეს, 12 ივნისს გამართულ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ზაქრო ალბუთაშვილმა, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომა 19 ივნისამდე გადაიდო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
66 წლის ზაქრო ალბუთაშვილი მძიმე დაავადებას ებრძვის. პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, ის ბრალს სრულად აღიარებს.
„ზაქრო ალბუთაშვილმა გუშინ მოგვმართა. ის განცხადებაში მიუთითებდა, რომ სრულად აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ეთანხმებოდა მტკიცებულებათა შინაარსს და მათ ხდიდა უდავოდ. ტექნიკურად ვერ მოესწრო დღევანდელ პროცესამდე საპროცესო შეთანხმების გაფორმება, თუმცა მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი და ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმება აუცილებლად გაფორმდება“, - განაცხადა ხინთიბიძემ.
რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, 15-დან 8-სთან საპროცესო შეთანხმება უკვე გაფორმდა. დანარჩენებმა - დავით ჟღენტმა, დავით სტურუამ, კახაბერ მჟავანაძემ, გიორგი ჩახუნაშვილმა, ია დარახველიძემ და კონსტანტინე კოკაიამ დანაშაულის აღიარებასა და საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადეს.
„სასამართლო მათ მიმართ უკვე განაჩენს გამოაცხადებს, დიდი ალბათობით, შემდეგ პარასკევს“, - აღნიშნა საქმის პროკურორმა.
დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა ია დარახველიძის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ წარმოთქვა. დარახველიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 2025 წლის 11 ოქტომბრიდან 10 000-ლარიანი გირაოთია გათავისუფლებული.
„ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ძალიან მარტივად ვუხსნიდით სასამართლოს, რომ მსგავსი სტანდარტით არ შეიძლება იყოს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
ვითხოვთ გამამართლებელ განაჩენს. ელემენტარული, სახეც კი არ არის ამოცნობილი. დადგენილიც კი არ არის პიროვნება, რომელიც ვიდეოზეა ასახული და მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარე მაინც განმარტავს, რომ ეს არის ია დარახველიძე. ასევე, ბრალდების მხარე ვერაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ძალადობრივ ქმედებაში იღებდა მონაწილეობას, რამე ზიანი მიაყენა ვინმეს თუ არა და ვინმესთან იყო თუ არა შეკავშირებული. შესაბამისად, ძალიან მარტივია სასამართლოსთვის სწორი გადაწყვეტილების გამოტანა და ია დარახველიძის გამართლება“, - განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.
გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი. იგი ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის ღამეს, აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ჩახუნაშვილი უარს ამბობს ბრალის აღიარებაზე და აცხადებს: „მე ვარ მებრძოლი კაცი. სანამ სული გიდგა, ბოლომდე უნდა იბრძოლო. ბევრი წავიდა შეწყალებაზე, ღმერთმა გაუმარჯოს, კარგი გოგო-ბიჭები არიან, მათ ასე ჩათვალეს საჭიროდ, მე ასე ვთვლი - რაზე უნდა მოვიხადო ბოდიში?!“.
„მამაჩემი არის დაკავებული იმის გამო, რომ კადრში ჩანს დროშით როგორ დადიოდა, შესულია და ხალხს მოუწოდებს იქიდან გამოსვლას, თხოვს, რომ გარეთ გამოვიდნენ. ამის გამო წაუყენეს ჯგუფური ძალადობის, სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმის და კიდევ რამდენიმე მუხლი, როგორც მახსოვს. აქვს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები, რასაც არ ითვალისწინებენ, თუმცა თხოვენ, რომ დათანხმდეს საპროცესოს“, - განაცხადა კიდევ ერთი ბრალდებულია, კონსტანტინე კოკაიას შვილმა, ნინი კოკაიამ.
ე.წ. 4 ოქტომბრის საქმე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა, სადაც ჯებირების საეჭვო ვითარებაში გადავარდნას სპეცრაზმთან შეტაკება მოჰყვა. გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მუხლებით დაიწყო.
საქმეზე, ჯამში, 64 ადამიანია ბრალდებული. მათგან 22-ს საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდა.
7 მაისს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს, ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიასა და თორნიკე მჭედლიშვილს - 5-5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
