საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაშია, სასამართლომ დამნაშავედ ცნო არაერთგზის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში (ე.წ. პიჯაკების საქმე) და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე 300 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 ესტონეთში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალა - სია
ე.წ. პიჯაკების საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენი დღეს, 12 მარტს გამოცხადდა.
საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი თანხებიდან მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის 9 024 367 ლარი დაიხარჯა. აქედან, მაგალითად, დაახლოებით 49 ათასი ლარი გადახდილი იყო სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს, ხოლო 16 ათას ლარამდე - ლონდონში, მკერდითმხატვრის, მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად. პროკურატურის მტკიცებით, ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორიელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.
პროკურატურამ სააკაშვილს და ჯანაშიას ბრალი 2014 წლის აგვისტოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვისთვის წარუდგინა, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და მიიჩნია, რომ საქმიდან „ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება“ უნდა ამოირიცხოს. ამასთან, ჯანაშია დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშია ბრალს არ აღიარებენ. განაჩენის გამოცხადებას არცერთი მათგანი არ ესწრებოდა.
„ეს არის „ქართული ოცნების“ მესიჯი, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მიხეილ სააკაშვილმა დღის სინათლე არ უნდა ნახოს და უნდა იყოს პოლიტიკურ ტყვეობაში“, - განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის წერილი წაიკითხა:
„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წელი აქვს მისჯილი. სააკაშვილი ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეებზე.
მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.
