თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“, რომელზეც 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული, პროკურატურის მოწმეები - „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პარტიის, „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერები დაიკითხნენ. სწორედ მათ საჩივარს ეფუძნება საქმე, რომელიც ოპოზიციონერებისთვის მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ საზოგადოებას საქმის საგანგაშო დეტალები გააცნო:
„ბრალის დადგენილებაში მტრულ სახელმწიფოდ მოხსენიებულია ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა ადვოკატმა.
სასამართლოზე „ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლებმა ჩვენებებში განაცხადეს, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) აფინანსებდა. მათი მტკიცებით, აშშ არის ის მტრული სახელმწიფო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, ხოლო ბრალდებული პოლიტიკოსები სწორედ ამ „აგენტურული ქსელის“ ნაწილს წარმოადგენენ.
ადვოკატის თქმით, „ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა ჩვენებებში ევროპელი ლიდერებიც დაასახელეს:
„ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერები არიან ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და მარტა კოსი“, - აღნიშნა ომარ ფურცელაძემ.
ბრალდებულები და მათი ადვოკატები საქმეს აბსურდულს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ ჩვენებების შინაარსი „ბოდვად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ პროკურატურის „ოქროს მოწმეები“ ეყრდნობიან დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს, როგორიცაა, მაგალითად, ილონ მასკის განცხადებები USAID-ზე.
„ე.წ. „ნეიტრალური საქართველოს“ ხალხი ყვება, რომ არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ პოლიტიკოსები, მედიაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსთაველზე ვინც დგას და ზოგადად, ეს არის გაშლილი ქსელი. ამბობენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც რუსთაველზე ხდებოდა, ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და ამას USAID-ის გავლით აკეთებდა და რომ ეს ფული ჩვენთან მოდიოდა და ჩვენ ვაფინანსებდით.
მტკიცებულებები არის, რომ „ილონ მასკმა თქვა, რომ USAID-ი ცუდ რაღაცებს აკეთებდა“ და ეს არის მტკიცებულება… დავაკონკრეტებინე, რომ იმას ამბობ, რომ აქ გადატრიალებას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო აწყობდათქო? და კი, ასეაო.
...მე რაც მოგიყევით, იმას რომ ამბობს ადამიანი, ჩემი აზრით, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევია რა სჭირს“ - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“ სასამართლო სხდომები მედიისთვის და საზოგადოებისთვის სრულად დახურულია. პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლო პროცესები დაჩქარდა და ივნისიდან კვირაში ორჯერ იმართება. ამ ტემპით პროცესი სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში განაჩენით დასრულდება.
საქმეზე ბრალდებულები არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ მიმართ წარდგენილი მუხლები (საბოტაჟი, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლა, მტრულ საქმიანობაში დახმარება) ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 15 წლამდე ვადით. პროკურატურამ მათ ბრალდება 2025 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა.
„ნეიტრალური საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე ასევე დაყადაღებულია იმ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც დაჯარიმებულ მოქალაქეებს ეხმარებოდნენ.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლები არიან ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლები - ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბიძინა გიორგობიანი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი. მოძრაობას პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძეც შეუერთდა.
ეს გაერთიანება მწვავე ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა და ღიად მოითხოვს, რომ საქართველომ უარი თქვას, როგორც თავად უწოდებენ, „ევროინტეგრაციის პოლიტიკურ მძევლობაზე“. მათი პოლიტიკური დღის წესრიგი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებით არ შემოიფარგლება; ორგანიზაცია აქტიურად ებრძვის ოპოზიციურ პარტიებს - „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“, მათ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას კი ჯაშუშებად მოიხსენიებს. „ნეიტრალური საქართველო“ საჯაროდ გამოდის ინიციატივით, აღნიშნული პირების გარდა, პასუხისმგებლობა მათ ამომრჩევლებსაც დაეკისროთ.
