ექიმ ჩახუნაშვილს და 6 დემონსტრანტს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

„პუბლიკას“ ფოტო

ე.წ. 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ბრალდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას და ია დარახველიძეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 72 წლის გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც აქამდე გირაოს სანაცვლოდ იყო თავისუფალი, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. პროკურატურა ძებნას გამოაცხადებს ია დარახველიძეზე, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შვიდივე პირს ბრალად ედებოდა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. განაჩენის გამოცხადებამდე მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლეს და განაცხადეს, რომ არჩადენილი დანაშაულის აღიარებას არ აპირებდნენ.

გიორგი ჩახუნაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ათონელის სასახლის ეზოსთან ვითარების დაძაბვისას დაინახა თავისი, როგორც ექიმის საჭიროება და სწორედ ამიტომ შევიდა ტერიტორიაზე: ხელში მეჭირა ფიზიოლოგიური ხსნარი… 250 000 ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული... მე ვარ მედიკი-მაშველი, ამას ვაკეთებ მთელი ცხოვრება. მე იმ დღეს ვმოქმედებდი ინსტინქტის დონეზე... ახლაც რომ დამაბრუნონ უკან, იგივეს გავაკეთებდი“, - აღნიშნა ჩახუნაშვილმა სასამართლო პროცესზე.

კახაბერ მჟავანაძემ კატეგორიულად უარყო წარდგენილი ბრალდება, თითქოს იარაღით ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე იერიში მიიტანა. მისი თქმით, ეს აბსურდულია, რადგან შენობაში ნაბიჯიც არ შეუდგამს. მჟავანაძემ ისაუბრა თავის ჯანმრთელობისა და მძიმე ოჯახურ მდგომარეობაზე - მისი მეუღლე დიალიზზეა დამოკიდებული, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ტყუილს მაინც არ იტყვის:

კახაბერ მჟავანაძე

მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული და კვირაში სამჯერ დადის ვანიდან ქუთაისში. ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს. რა უქენით იმ ხალხს, მე არ ვიცი.

მე პირადადაც მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა. შუნტირება მაქვს გაკეთებული და მეორე ხარისხის განგრენა. 58 წლის კაცი ვარ, ბავშვი არ ვარ. რა მოხდება, კაცმა არ იცის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რაც არ ყოფილა. დამალული სახე მე არ მქონია, იარაღი მე არ მქონია და არაფერი. ჯგუფურად და იერიშით ვიღებდი სასახლეს? ან ჯგუფი სად იყო? ჭიშკართან გამოვხატავდი პროტესტს, ვანჯღრევდი, ჩემ გვერდით გადაქცეული იყო ღობე და ნაბიჯიც არ შემიდგამს.

როგორ მკადრებთ საერთოდ, რომ ტყუილი თქვი და გაგიშვებთო.

რამდენი დამნაშავე ზის ციხეში. რომ აღიარონ, გაუშვებთ? ჩვენ რატომ გვიშვებთ?“.

არაფერი ჩამიდენია, 5 წელი კი არა 25 რომ მომცეთ, გამოვალ, მოგაკითხავთ სტუმრად და შეგრცხვებათ“, - უთხრა მოსამართლეს კონსტანტინე კოკაიამ.

„მე ტყუილს ვერ ვიტყვი. ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავდით და დავიცავთ კიდეც მომავალში. ვერ ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია და არ გამიკეთებია. ვაგრძელებ ბრძოლას, ვიქნები ციხეში თუ ციხის გარეთ, სულერთია“, - განაცხადა დავით სტურუამ.

საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა 66 წლის ზაქრო ალბუთაშვილმა იმ მოტივით, რომ ვერ დაიბრალებს დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია.

მე, ზაქრო ალბუთაშვილს, მცხოვრებს ქედის რაიონში, პროფესიით მშენებელს, სამხედრო დაცვის თანამშრომელს, ყოფილ ფეხბურთელს, ჯანმრთელობის პრობლემების მატარებელს, ერთ თირკმელ-ამოჭრილს, მეორეზე პროცეს-დაწყებულს... ამ .. ხელისუფლებამ შემომთავაზა ორი გზა, ან გავხდე პავლე მოროზოვი, ვაღიარო, რაც არ ჩამიდენია, ან მოვკვდე ციხეში. ვირჩევ მეორე გზას“, – განაცხადა ზაქრო ალბუთაშვილმა.

ამასთან, მან სოლიდარობა გამოუცხადა „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას და მისი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

ლევან მჟავანაძე

„ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდი, როგორც ყველა აქ დამსწრე, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ იყო წმინდა სამართლებრივი საქმე, ეს იყო პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმე და გადაწყვეტილებაც იყო შესაბამისი, დაშტამპული, 5 წელი ყველა ბრალდებულის მიმართ.

მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა, ამ გადაწყვეტილებას და სასჯელს მე და ჩემი ოჯახი მივიღებთ, როგორც პატივს, როგორც მსხვერპლს, ჩემი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ლევან მჟავანაძემ, კახაბერ მჟავანაძის შვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ე.წ. 4 ოქტომბრის საქმის ამ ეპიზოდს სულ 15 ბრალდებული ჰყავდა, საიდანაც 8-მ ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. საერთო ჯამში, 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება 22-ს გაუფორმდა.

შეგახსენებთ, 7 მაისს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებსნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიასა და თორნიკე მჭედლიშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ე.წ. 4 ოქტომბრის საქმე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა, სადაც ჯებირების საეჭვო ვითარებაში გადავარდნას სპეცრაზმთან დაპირისპირება მოჰყვა. გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მუხლებით დაიწყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.