პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ადვოკატი აცხადებს, რომ რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა ესაჭიროება. ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გამწვავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
- 6 ძამის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-5 საუკუნის ეკლესია დაანგრიეს
„ყოველი ვიზიტისას ჩვენთვის თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს: სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძრაობის გაძნელება და პერიოდული შეზღუდვები. ელენე ხოშტარია ამ ინფორმაციის გასაჯაროებას არ აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ციხის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი სათანადო ყურადღებას არ იჩენენ, გადაწყვიტა, პრობლემის შესახებ საზოგადოებისთვის ეცნობებინა“, - განაცხადა თუთბერიძემ.
დაცვის მხარის მტკიცებით, ციხეში ჩატარებული სამედიცინო პროცედურები „სპორადული და არაეფექტურია“.
ადვოკატებმა კონსულტაცია გაიარეს თურქ კლინიცისტებთან, რომელთა დასკვნით, სათანადო მკურნალობის გარეშე ხოშტარიას ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი, მათ შორის გადაადგილების უნარის სრული დაკარგვა ემუქრება.
ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თურქი ექიმების შეფასებები და რეკომენდაციები დაახლოებით 2 თვის წინ მიაწოდეს რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას და ოფიციალურად მიმართეს მკურნალობის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
პარტია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი, გიგა ლემონჯავა მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს: „რეჟიმი სრულად ფლობს ინფორმაციას ელენეს მდგომარეობის შესახებ, თუმცა უარს ამბობს ადეკვატური, სისტემური სამედიცინო დახმარების გაწევაზე. მომავალში მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს“.
ბრალდებებს უწყებამ განცხადებით უპასუხა. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსი ყველა საჭირო სერვისით სარგებლობს: „ხოშტარიას დიაგნოზების უმეტესობა დაწესებულებაში შემოსვლამდე იყო დადგენილი და წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც პერიოდული გამწვავებაა დამახასიათებელი. სამედიცინო პერსონალთან პრეტენზიებს თავად მსჯავრდებული არ აფიქსირებს“.
პენიტენციური სამსახურის დირექტორმა, გიორგი პატარიძემ ადვოკატების განცხადება „მტკნარ სიცრუედ“ შეაფასა და დასძინა, რომ თურქი ექიმების რეკომენდაციები სამსახურმა 21 მაისს მიიღო, რის შემდეგაც 5 ივნისს პოლიტიკოსს შესაბამისი კონსულტაცია უკვე ჩაუტარდა, 9 ივნისს კი ლაბორატორიული კვლევებიც განხორციელდა. მისი თქმით, მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა უკვე დაგეგმილია.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერა „რუსული ოცნების“ გაკეთებისთვის, რაც პროკურატურამ სხვისი ნივთის დაზიანებად შეაფასა.
პოლიტიკოსის პატიმრობა საერთაშორისო და ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა (მათ შორის Amnesty International-მა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“) კრიტიკულად შეაფასეს და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. ევროპარლამენტის 12 მარტის რეზოლუციით, ხოშტარია ოფიციალურად არის მოხსენიებული პოლიტიკურ პატიმრად, ხოლო ევროპარლამენტარები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
