გაზეთ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც დღეს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავეს, ბრალს არ აღიარებს და დაკავებას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
იზოლატორიდან გავრცლებულ წერილში კილაძე წერს, „არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა“.
„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემ მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია. ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემ მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ საფულეზე 241 ბიტკოინის ფლობით.
ამ კვირაში ვაპირებდი გლდანის ციხის დირექტორისა და სუს-ის თანამშრომლის, სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს. რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის „ქოლცენტრების“ მხილებაში (კონკურენტებს ანადგურებსო).
ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში „ქოლცენტრების“ არსებობა ვიცოდი. დასახლებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად.
ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა - ბრძოლა იქნება ბოლომდე! ოჯახს გამძლეობა“, - წერს ჟურნალისტი.
პროკურატურა ელისო კილაძეს თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავება, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ 9 პირი, მათ შორის, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
პროკურატურის თანახმად, 2020-2023 წლებში, საქართველოში ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე თაღლითური ქოლ-ცენტრები მოაწყო.
„ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.
ამავე საქმეზე ბრალდებული გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე, პროკურატურის თანახმად, უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, ახორციელებდნენ შემოსავლების აღრიცხვას და განაწილებას. „ორგანიზებული ჯგუფის“ სხვა წევრები - გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის მფარველობას, რაც, პროკურატურის თანახმად, გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას.
როგორც დღეს პროკურატურაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.
პროკურატურა კილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო ჯიბლაძის, ანორის, ჯანელიძის და კამლაძის მიმართ - „გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით“ - გირაოს გამოყენებას.
ოთარ ფარცხალაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი მიმალვაში იმყოფებიან, დავით მიქაძის ძმა, გიორგი მიქაძე კი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზეა დაკავებული.
