ენმ კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს სადგურის მოედანთან კორპუსის ჩამონგრევის გამო

პარტია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა. საქმე ეხება სადგურის მოედნის მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსის ზედა ნაწილის ჩამონგრევას, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიების დაწყებას კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით ითხოვენ.

„ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა. ამ ყოველივეს წინ თბილისის მერიის და კახა კალაძის მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობა უძღოდა. მათ თავად განაცხადეს, რომ იცოდნენ ბაზრობაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რომ ავარიული კორპუსი იყო, თუმცა მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, ავარიული საცხოვრებელი კორპუსი არავინ შემოსაზღვრა უსაფრთხოების ლენტით, არავინ არაფერი გააკეთა. ეს შედეგია კორუფციული მმართველობის. ეს არ არის უბრალოდ უყურადღებობა, ეს არის სისტემური, სახელმწიფოებრივი გულგრილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა“, - განაცხადა ფარულავამ.

სადგურის მოედანთან, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 14 ივლისს, საღამოს 7 საათზე ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი 40 წლის დათო ბართიაა, რომელიც სადგურის მოედანაზე საყიდლებზე დასთან ერთად იმყოფებოდა. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეორე გარდაცვლილი - მანანა დარახველძე გარემოვაჭრეა. 

„კახი კალაძე, თბილისის მერია, როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით! [...] ერთი გაფრთხილება, ერთი პატარა შემორაგული ხის ბარიერი აგვაცილებდა ამ ტრაგედიას თავიდან!

[...] კახი, კარგია მილანში საშოპინგოდ სიარული, დეიდაჩემიც არ იტყოდა უარს, მაგრამ ხანდახან მაინც გაიარე ვაგზლის მოედნის მიდამოებში და ნახე ხალხი როგორ პირობებში მუშაობს ლუკმა-პურისთვის! და როგორც ჩანს, თავსაც სწირავს ამისთვის! სიცოხლით სავსე ქალაქში ვცხოვრობთ არა?!“, - დაწერა სოციალურ ქსელში მამანა დარახველიძის დისშვილმა, მაია კობაიძემ.

კალაძემ მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა. მისი თქმით, საცხოვრებელ კორპუსს მეხუთე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. კალაძემ სცადა, მომხდარზე პასუხისმგებლობა კორპუსის მცხოვრებლებისთვის დაეკისრებინა და თქვა, რომ რამდენიმე ოჯახი მერიას არ დათანხმდა ავარიული შენობიდან გამოსვლასა და “ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობაზე. კახა კალაძეს არ უთქვამს, რა ზომები მიიღეს ნგრევის თავიდან ასაცილებლად. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.