ერდოღანი: ჩვენ მზად ვართ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიდი ხნის შემდეგ პირველად თქვა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირისკენ მიისწრაფვის. 21 ივლისს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი თურქეთის წევრობას საჭიროებს.

ახალი ამბები

ყველა სიახლე

მკითხველის რჩეული

„თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებისა და წინსვლისთვის ერთი დღეც არ უნდა დავკარგოთ. ეს ახლავე უნდა მოხდეს, ყოველგვარი ახალი ნაბიჯების გარეშე. ყველა ჩვენს თანამოსაუბრეს ევროკავშირის მხრიდან ვეუბნებით, რომ მტკიცედ ვინარჩუნებთ ჩვენს მიზანს სრულუფლებიანი წევრობის შესახებ. როგორც კი ევროკავშირი ამ საკითხს სტრატეგიულად მიუდგება, დაუყოვნებლივი მოქმედებისთვის არანაირი დაბრკოლება არ იარსებებს“, - განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, საჭიროა თურქეთის წინააღმდეგ არსებული პოლიტიკური ბარიერები დაუყოვნებლივ მოიხსნა.

„ჩვენ ველით, რომ ევროკავშირის ქვეყნები შეინარჩუნებენ ურთიერთობებს სამართლიანი და თანასწორი მიდგომით. ასევე ველით, რომ ისინი გაიგებენ, რომ ურთიერთობების წინსვლა შეუძლებელია იმ ყოყმანის გათვალისწინებით, რასაც ასე ხშირად ვხედავთ. ევროპაში და მის მიმდებარე რეგიონებში მიმდინარე მოვლენების და ევროკავშირში არსებული უთანხმოებების გათვალისწინებით, აშკარა ხდება, რომ კავშირს სჭირდება ისეთი დინამიური და გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული წევრი, როგორიც თურქეთია.

როგორც ადრე ვთქვი, თურქეთი ევროკავშირისთვის ხიდამდე ბოლო გასასვლელია. მსოფლიო იცვლება, ევროპა უკვე შეიცვალა. მოძველებული, აკვიატებული პოლიტიკური შეხედულებების გავლენისგან გათავისუფლება შეიძლება იყოს ნაბიჯი ევროკავშირის ახალი ეპოქის გაცნობიერებისა და მისი მომავალში გადაყვანისკენ. როგორც თურქეთი, ჩვენ მზად ვართ სრულუფლებიანი წევრობისთვის“, - თქვა ერდოღანმა.

1999 წლიდან თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, რომელიც 2005 წელს გაიხსნა, 2018 წელს გაიყინა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.

ერდოღანის ხელისუფლება დღემდე დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს. 16 ივლისს სასამართლომ სტამბოლის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ ექრემ იმამოღლუს ერთი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სტამბოლის მთავარი პროკურორის „საჯარო შეურაცხყოფისა“ და „მუქარისთვის“. 54 წლის იმამოღლუ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მიიჩნეოდა 2028 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. ის 19 მარტს დააკავეს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, რასაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.