საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში წუხელ დაკავებული მომიტინგეების მონახულების შემდეგ, მათ მიმართ სპეცრაზმელთა ძალადობას „სიმხცე“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში.
ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს“, - უთხრა იოსელიანმა ჟურნალისტებს.
სახალხო დამცველის თქმით, იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ლევან იოსელიანმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მსგავსი საქმეების ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდა.
„გამოძიების დაყოვნებამ მოიტანა ის, რომ ამ აქციებზე კიდევ უფრო მეტი ადამიანია ძალადობის მსხვერპლი, განსხვავებით წინა აქციებისგან, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი აქციებისგან.
ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში.
ასე რომ, ყველას პასუხისმგებლობაა ეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების, ვინც აკავებენ, ვინც იძიებენ, ვინც იქ საპოლიციო ღონისძიებას ატარებენ, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ შემთხვევებს არ ჰქონდეს ადგილი“, - თქვა იოსელიანმა.
ლევან იოსელიანმა პოლიციელებს მოუწოდა დაკავების დროს უფლებამოსილებას არ გადაამეტონ. „კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა. შეიძლება ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მივუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა, ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით, რომ შემოვედი აქ [იზოლატორში]. დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვაგანაც აქვთ ასეთი დაზიანებები“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
28 ნოემბერს, არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე საქართველო დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული მრავალათასიანი საპროტესტო აქციები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარბია, რა დროსაც საპოლიციო ძალებმა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე იძალადეს. ორი დღის განმავლობაში აქციებზე დაკავებული მოქალაქეთა რაოდენობამ 150 შეადგინა.
