საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი თბილისში თავის მისიას 10 მარტს დაასრულებს და ელჩის თანამდებობაზე მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, სადაც ესტონეთი საელჩოს მომავალ თვეში გახსნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
ამ გადაწყვეტილების შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს 11 თებერვალს აცნობა. ახალი ელჩის დანიშვნამდე, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას გიტა კალმეტი შეასრულებს.
„მარგე მარდისალუ-კაჰარი გახდება ესტონეთის პირველი ელჩი, რომელიც ერევანში იცხოვრებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აქამდე ესტონეთს საქართველოსა და სომხეთში ერთი ელჩი ჰყავდა, რომლის რეზიდენცია თბილისში იყო განთავსებული. მარგე მარდისალუ-კაჰარი ამ თანამდებობაზე 2024 წლის სექტემბერში დაინიშნა.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცვლილება განპირობებულია ესტონეთისა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობების გაცივებით და ამავდროულად, სომხეთთან უფრო მჭიდრო კონტაქტებით.
ამავე წყაროს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არ ისურვა დააკონკრეტებინა, თუ როდის შეიძლება დაინიშნოს ახალი ელჩი საქართველოში.
საქართველოსთან ურთიერთობებთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე აღნიშნავს, რომ ესტონეთი დიდი ხანია ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიიდან სისტემატური უკან დახევის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის პირობების სრულად შეუსრულებლობის გამო, ქართული ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის. ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ესტონეთს წვლილი შეაქვს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის განვითარებაში.
რამდენიმე თვეა საქართველოს ესტონეთში ელჩი არ ჰყავს. ამ თანამდებობას 2024 წლის მარტიდან 2025 წლის ივლისამდე ზურაბ ხამაშურიძე იკავებდა.
