საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის დასკვნები საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის გამანადგურებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
„სიმართლე ის არის, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა“, - თქვა დიპლომატმა ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში, საქართველოს სერიოზული უკუსვლა ჰქონდა როგორც გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებში მითითებულ 9 ნაბიჯთან მიმართებაშიც.
„კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევის და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდის მოწმეები გავხდით.
ინსტიტუტები პარტიული მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იყო გამოყენებული.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც სასამართლოს მიტაცების რისკებს ქმნის.
სისტემატიურმა რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენა.
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება სრული დაუსჯელობის პირობებში მოხდა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პერიოდულად მეორდება და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით არის შექმნილი.
წამყვანი ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებასთან ერთად, ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე - დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს“, - თქვა ჰერჩინსკიმ.
მისივე განცხადებით, საქართველო სამართლიანად ამაყობდა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხში ლიდერობით, თუმცა, „სამწუხაროდ, ახლა ეს ასე აღარ არის“.
„მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან დაშორება აირჩია, სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმებსა და გაწევრიანების პროცესებში წინ წაიწიეს.
საქართველოსგან განსხვავებით, ისინი ამჟამად ევროკავშირთან თანდათანობითი ინტეგრაციის უპირატესობებით სარგებლობენ. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს სხვა მრავალ საკითხთან ერთად აკლდება ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო თანხები, უფასო როუმინგი, ბანკებში საკომისიო ხარჯების დაწევა, შემცირებული საბაჟო შემოწმებები და მრავალი სხვა სარგებელი.
როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის პრესკონფერენციაზე ახლახან მოისმინეთ, დღეს ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არ არის სიცოცხლისუნარიანი, კანდიდატის სტატუსი მქოლოდ ქაღალდზეა და მას მხოლოდ კანდიდატის სახელი შერჩა. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია.
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს მოქმედების კურსის შეცვლას და დაუბრუნდება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
გაფართოების შესახებ ანგარიშში მკაფიოდ არის აღწერილი ნაბიჯები და რეფორმები, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისა და წინსვლისთვის. უპირველეს ყოვლისა, საქართველომ უნდა აჩვენოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლის შესაცვლელად და წინსვლა 9 ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირი არ წავა კომპრომისზე ფუნდამენტურ ღირებულებებთან და პრინციპებთან მიმართებაში და ის, ასევე, არ კარგავს იმედს საქართველოსთან დაკავშირებით.
„ამ ანგარიშის დასკვნები არ უნდა იქნას აღქმული, როგორც საბოლოო წერტილი, არამედ როგორც მოწოდება ქმედებისკენ და მოწვევა ვალდებულებების ხელახლა აღებისკენ. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და მთლიანად თავად საქართველოს ხელშია“, - დასძინა დიპლომატმა.
