ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. შემაჯამებელ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ხელისუფლებამ მას პატიმრების, მათ შორის სახაროვის პრიზის მფლობელის, მზია ამაღლობელის მონახულების უფლება არ მისცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
სამპიეტროს თქმით, ეს მოთხოვნა მან პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე დააყენა, თუმცა უარი მიიღო.
„მათ გვიპასუხეს: „არა“. ვიღებთ იმ ფაქტს, რომ მთავრობას აქვს უარის თქმის უფლება, მაგრამ ვთხოვეთ განხილვა. ვფიქრობთ, რომ თუ მოლაპარაკებებში ხარ, ან აპირებ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად უნდა აწარმოო მოლაპარაკებები“, - განაცხადა სამპიეტრომ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის დაკავებულებს პოლიტპატიმრებად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა უპასუხა:
„ჩემი როლი არაა ვთქვა, პოლიტპატიმრები არიან თუ არა. ვიტყვი, რომ ისინი ციხეში არიან, ვინაიდან პოლიტიკური საქმიანობით იყვნენ დაკავებული“.
მისივე განცხადებით, ეუთო მოუწოდებს მთავრობას, განიხილოს იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც სასჯელის მინიმუმ 50% უკვე მოიხადეს. ევროპელი დიპლომატის შეფასებით, ვითარება ქვეყანაში 2024 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა.
ეუთოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრასაც შედიოდა, 8 მარტიდან ხვდებოდა როგორც „ქართული ოცნების“ გუნდს, ისე ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს. სამპიეტრომ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დიალოგი ფაქტობრივად არ არსებობს:
„ჩვენ წამოვწიეთ დიალოგის არარსებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან. და უნდა გითხრათ, რომ დიალოგი ნამდვილად არ არსებობს. მხარეები ერთმანეთს ჩვენი მეშვეობით ელაპარაკებიან“.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთშიც იმყოფებოდა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი. სამპიეტრომ აღნიშნა, რომ ეუთო აგრძელებს „კონფიდენციალურ და გულწრფელ“ თანამშრომლობას ყველა მხარესთან ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად.
