ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი

ევროკავშირი დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს მკაცრად გმობს. ამის შესახებ განცხადება საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრეს-სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა გააკეთა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით.

„მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვის შიშის გარეშე.

ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.

„ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მის ევროპულ მისწრაფებებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ურყევად ერთგული რჩება“, - ვკითხულობთ ჰიპერის განცხადებაში.

6 აგვისტოს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი გადააკვალიფიცირა და ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან შინაპატიმრობასაც ითვალისწინებს, ნინო სახელაშვილმა ყველაზე მკაცრი სანქცია გამოიყენა.

„7 თვით თავისუფლების აღკვეთა სილის გაწვნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი აქვს, საკმარისი არ არის? სასამართლოს შეეძლო ჯარიმის გამოყენება და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება, ან შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა, რაც ყველაზე მთავარია და რაც სასამართლომ არ გააკეთა“, - თქვა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მზია ამაღლობელი თითქმის შვიდი თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სასამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“.

დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

ამაღლობელმა უარი თქვა პოკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე „იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.