ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, ნაწილობრივ შეაჩეროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისთვის ვიზის აღება დასჭირდებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 2 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 3 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 4 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 5 საჯარო რეესტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
- 6 აშშ დაასანქცირებს და განდევნის კრიმინალების (ივანიშვილი და კომპანია) ნათესავებს - უილსონი
შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება შეეხება შემდეგ კატეგორიებს:
- საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ;
- საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს;
- დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას.
„ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები ევროკავშირში ინტეგრაციის ძირეული პრინციპებია. ოფიციალური პირები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანას და ფეხქვეშ თელავენ ამ ღირებულებებს, ევროკავშირში გამარტივებული შესვლით არ უნდა სარგებლობდნენ“, - თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ტომას სიემონიაკმა.
ევროპული საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაწყვიტონ მიიღონ ეროვნული ზომები დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის გამოსაყენებლად.
იმ წევრ ქვეყანაში მოგზაურობისთვის, რომელიც სავიზო მოთხოვნებს აღაგდენს, ქართველი დიპლომატები და ოფიციალური პირები ვეღარ ისარგებლებენ სავიზო განაცხადის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლით და ნაკლები დამხმარე დოკუმენტის წარდგენის შესაძლებლობით.
ევროპული საბჭოს განმარტებით, დღევანდელი გადაწყვეტილება არის პასუხი გასულ წელს საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის ქართველი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებას, ზრდის სტიგმატიზაციას და დისკრიმინაციას.
„ეს ასევე არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს მთავრობამ გამოაცხადა, რომ აღარ მიჰყვება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს შევიდა ძალაში. შეთანხმება შეიცავს პუნქტს, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ მხარეს „სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს შეთანხმება საზოგადოებრივი წესრიგის, ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“. 2017 წლიდან, ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.