ევროკომისიამ დღეს, 6 მარტს, გამოაცხადა, რომ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. ეს გადაწყვეტილება მიღებულია „საქართველოს მიერ, უვიზო რეჟიმის ფარგლებში, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების განზრახ და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ“. მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღესვე მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც ითვალისწინებს ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთისას საქართველოს ყველა მოქალაქის კონტროლის გაძლიერებას. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საგულდაგულოდ შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
შეზღუდვა ძალაში 2027 წლის 6 მარტამდე დარჩება. თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ მოაგვარებს მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხებს, ევროკომისია ზომებს კიდევ ორი წლით გახანგრძლივებს. კომისიას ასევე შეუძლია ეს ზომა საქართველოს ყველა მოქალაქეზე გაავრცელოს. „ამ დროის განმავლობაში, სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ევროკომისია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მკაცრად აღნიშნა: „თუ ხელისუფლება თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას მოჰყვება შედეგები. ევროკავშირმა დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოს უკვე შეუჩერა დაფინანსება. დღეს ევროპა ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავს მათ, ვინც დაკავშირებულია საქართველოს რეპრესიულ ხელისუფლებასთან, მათ შორის ქართველ დიპლომატებს.
საქართველოს ხალხს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, თუმცა ჩვენს კავშირში არ არის იმათი ადგილი, ვინც რეპრესიებს ატარებს“.
დღეიდან ვიზის ქონა მოეთხოვებათ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს: პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, პარლამენტის წევრებსა და კათოლიკოს-პატრიარქს. შეზღუდვა ეხება სამსახურებრივი პასპორტის მქონე საჯარო მოხელეებსაც სამინისტროებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან და სასამართლოებიდან.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰენა ვირკუნენმა განმარტა: „დღევანდელი გადაწყვეტილება პასუხია მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობრივ რეპრესიებზე, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების არგახსნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. სავიზო ლიბერალიზაცია გადამწყვეტია მობილობის ხელშესაწყობად. ისინი, ვინც პატივს არ სცემენ ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა სარგებლობდნენ ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას“.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის მიმართაც ევროკავშირმა ვიზების შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი აამოქმედა.
მიუხედავად ამისა, თბილისი უარს ამბობს რეკომენდაციების შესრულებაზე. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება ქვეყნისთვის „ეგზისტენციალური საკითხი“ არ არის და ის უპირატესობას „მშვიდობას და სტაბილურობას“ ანიჭებს.
