ევროკავშირში გაწევრიანებას 75 % მხარს უჭერს, რუსეთს საფრთხედ 88 % აღიქვამს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერაში მცირედი ვარდნის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის ერთგულია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

75 % მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს 25 %.

მსგავსი ტენდენცია მეორდება ნატოს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: ნატოში გაწევრიანებას მხარს 69 % უჭერს; უმრავლესობა კი მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს.

გამოკითხულთა ის ნაწილი, ვინც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს და დემოკრატიის განვითარებას გააძლიერებს.

ახალი კვლევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო. 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას (62 %) სმენია. მათი უმეტესობა (56 %) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია (71 %), თუმცა მხოლოდ 32 %მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს. საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს.

კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებშია.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთს საფრთხედ აღიქვამს. კითხვაზე, როგორ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, გამოკითხულთა 76 % პასუხობს, რომ რუსეთი დიდი საფრთხეა, 12 % რუსეთს მცირე საფრთხედ აღიქვამს, 7 %-სთვის კი ის საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს.

NDI-ის განმარტებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად ამბობენ, რომ რუსეთი საფრთხეა.

გამოკითხულთა 30 % მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უფრო უნდა შეზღუდოს, 29 %-ის აზრით კი, პირიქით, უნდა გააღრმავოს.

NDI-ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ყველაზე მეტად მხარს კაცები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უჭერენ.

მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62 %) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56 პროცენტი) არ არის.

ახალ კვლევაში ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ არავინ - არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიები - მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. ნახევარზე მეტი (56 %) მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს, 54 %-ს არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.

პოლარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება. მოქალაქეები ამბობენ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების უმეტესობა საზოგადოებას ხლეჩს. მოსახლეობის აზრით, საზოგადოების გაყოფაში წვლილი მიუძღვით პოლიტიკოსებს (87 %) და ქვეყნის ლიდერებს (79 %), რუსეთს (83 %), ქართულ მედიასა (82 %) და არსებულ ეკონომიკურ სისტემას (80 %).

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა CRRC საქართველოს მიერ 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოკითხვა 2104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 %-ია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).