„26 ოქტომბერს სამ მილიონზე მეტი ქართველი ხმას მისცემს ახალი პარლამენტის არჩევას. ეს საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მნიშველობისაა ევროკავშირში საქართველოს გზისთვის. ის ასევე იქნება კრიტიკული ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ, რომელიც ევროპარლამენტის სხდომაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით გამოვიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 5 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
იუროვას განცხადებით, გასული წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, იმედოვნებდნენ, რომ ეს იქნებოდა ძლიერი სტიმული იმისთვის, რომ მთავრობას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად მნიშვნელოვანი რეფორმები გაეტარებინა.
„ამის ნაცვლად, ბოლო თვეებში ხელისუფლებამ შემოგვთავაზა კანონები, რომლებმაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორა. მასიური პროტესტის მიუხედავად, უცხოური გავლენის კანონი - რომელიც ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ორგანიზაციებს - ხელახლა იქნა ინიცირებული და მიღებული. ასევე წარმოდგენილი იყო სხვა წინადადებები, რომლებიც ახდენენ ლგბტქ თემის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას და ასუსტებენ სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. ამავე დროს, გაძლიერდა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
მან ევროპარლამენტს მადლობა გადაუხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების „უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული“ ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ ევროკავშირის ხმამაღლა მოუწოდებს მოქმედებისკენ.
„ევროკავშირმა უპასუხა შესაბამისი ზომებით: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, პოლიტიკური კონტაქტები შემცირდა, ევროკავშირის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით - 30 მილიონი ევრო -შეჩერებულია, ხოლო დახმარების პორტფელი გადაიხედება.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედების კურსი და გავზარდეთ ჩვენი კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან. ბევრმა თქვენგანმა მხარი დაუჭირა ასეთ მოწოდებებს.
ეს ზომები შეიძლება შეიცვალოს და გამოსავალი მარტივია, თუ არსებობს პოლიტიკური ნება: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს იმ კანონების გაუქმებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, კერძოდ, გააუქმოს კანონები, რომლებიც ზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს.
ჩვენ ასევე მოვისმინეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, რომელსაც ავრცელებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი [ირაკლი კობახიძე] და პარლამენტის წევრები. პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ევროკავშირი და დასავლეთი ცდილობენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ან ქვეყნის „უკრაინიზაციას“, მიუღებელია, ყალბი და საზიანოა ჩვენი ურთიერთობებისთვის. ეს ნარატივები მხოლოდ რუსეთს და მის პროპაგანდას ემსახურება. ევროკავშირი გააგრძელებს ამგვარი ყალბი ნარატივების გამოვლენას და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე რეაგირებას.
და ბოლოს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იქნება ძლიერი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაირღვა მმართველი პარტიის შემაშფოთებელი განცხადებებითა და ქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირებებით და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეზღუდვის მცდელობებით. ასეთი ტაქტიკა ჰგავს ავტორიტარულ რეჟიმებისას. თუ ეს ზომები განხორციელდება, ისინი აშკარად წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს გაცხადებულ მიზანთან, გაწევრიანდეს ევროკავშირში და იმ ღირებულებებსა და პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირში გაწევრიანებას“, - განაცხადა ვერა იუროვამ.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს არჩევნებს და აქვთ მოლოდინი, რომ ის იქნება მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი, ჭეშმარიტად ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
„ევროკავშირის კარი ღია რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას უპირველეს ყოვლისა სჭირდება ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდეს და კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ევროკავშირისკენ საქართველოს გზის მიმართ. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და ვიმუშაოთ ქართველებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
დასკვნით სიტყვაში ვერა იუროვამ თქვა, რომ საქართველოს მომავალი, ევროკავშირის გზის ჩათვლით, მთლიანად მისი მოქალაქეებისა და ლიდერების ხელშია.