ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ვიზის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების რისკებს ქმნიან ან ადამიანის უფლებებს არღვევენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღეს, 7 ოქტომბერის კენჭისყრაზე მხარდაჭერილი ვიზის შეჩერების მექანიზმის რეფორმა ეხება 61 ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ამჟამად შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობა შეუძლიათ.

მექანიზმი ევროკომისიას საშუალებას აძლევს, უსაფრთხოების პრობლემების არსებობის შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნისთვის სავიზო მოთხოვნები აღადგინოს - თავდაპირველად დროებით, შემდეგ კი მუდმივად, თუ პრობლემები არ აღმოიფხვრება.

ევოპარლამენტის ინფორმაციით, შეჩერების საფუძვლებს შორისაა შიდა უსაფრთხოებისთვის საფრთხეები (მაგალითად, კრიმინალის ზრდა ქვეყნის შიგნით) და ევროკავშირში თავშესაფრის მიღებაზე წარუმატებელი განაცხადების, შესვლაზე უარის თქმის ან ვიზების ვადის გადაცილებით დარჩენის მსურველი პირების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.

რეფორმა ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ საფუძვლებს. ესენია:

  • ჰიბრიდული საფრთხეები
  • მოქალაქეობის სქემები ინვესტორებისთვის ან „ოქროს პასპორტები“
  • ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა
  • გაეროს ქარტიის, საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები
  • საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.

ახალი კანონი ევროკავშირს მისცემს მეტ მოქნილობას, შეაჩეროს ვიზები მთავრობის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც შესაძლოა პასუხისმგებელნი იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

ახალი წესების თანახმად, ევროკომისიას დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს წინადადების შემდეგ ან საკუთარი ინიციატივით და ევროკავშირის ნებისმიერი ინსტიტუტიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით შეუძლია დაიწყოს კონკრეტული მესამე ქვეყნიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი.

დღემდე, უვიზო მიმოსვლა მხოლოდ ერთხელ, ვანუატუს შემთხვევაში გაუქმდა.

კანონპროექტი, რომელზეც ევროკავშირის პარლამენტისა და საბჭოს შორის არაფორმალურად უკვე შეთანხმებული იყო, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 518 ხმით დაამტკიცეს. 96 ევროპარლამენტარი წინააღმდეგ წავიდა, 24-მა კი თავი შეიკავა. ახლა კანონი საბჭომ ოფიციალურად უნდა მიიღოს. ის ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.