ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტიმ, ოფიციალური წერილით მიმართა აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს და ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განახლების გამო სერიოზული შეშფოთება გამოთქვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
- 6 ძამის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-5 საუკუნის ეკლესია დაანგრიეს
კომისარი აზერბაიჯანული მხარისგან იმ მიზეზების დასაბუთებას ითხოვს, რის გამოც ხელახლა აღიძრა საქმე, რომელიც თავად პროკურატურამ 2026 წლის 1-ელ აპრილს შეწყვიტა. მაიკლ ო’ფლაჰერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმის შეწყვეტის შემდეგ დევნის ხელახლა დაწყება აჩენს კითხვებს სამართლებრივი განსაზღვრულობისა და შესაძლო თვითნებობის შესახებ.
გენერალური პროკურორისადმი გაგზავნილ წერილში კომისარმა რამდენიმე საკვანძო საკითხის განმარტება მოითხოვა:
- რა კონკრეტული მტკიცებულებები გახდა საქმის ხელახლა გახსნის საფუძველი?
- რატომ მიიჩნია გამოძიებამ აუცილებლად სადიგოვის წინასწარი პატიმრობა, ნაცვლად ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებებისა?
- როგორ არის უზრუნველყოფილი ჟურნალისტის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლო და ადვოკატთან წვდომა?
ო’ფლაჰერტიმ აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეახსენა თავისი ადრინდელი მიმართვაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევისადმი და კვლავ მოითხოვა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა ის უფლებადამცველი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც პატიმრობაში მხოლოდ პროფესიული საქმიანობის ან კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო იმყოფებიან.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის შეკითხვებს წერილობითი პასუხით გამოეხმაურა. გენერალური პროკურორი კამრან ალიევი კატეგორიულად უარყოფს კავშირს სადიგოვის ჟურნალისტურ საქმიანობასა და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს შორის. უწყების განმარტებით, საქმეში ფიგურირებს სამი დაზარალებული - ორი ადგილობრივი ჩინოვნიკი და სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლებიც ჟურნალისტს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ. ბაქოს მტკიცებით, სადიგოვის დაკავება და პატიმრობაში დატოვება კანონიერ საფუძველზე, სწორედ ამ საჩივრების მიხედვით მოხდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტის გადაცემას თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ არაადამიანური მოპყრობისა და პოლიტიკური დევნის რეალური საფრთხის გამო აკრძალა. მიუხედავად ამისა, მოვლენები 2026 წლის აპრილში დაჩქარებული ტემპით განვითარდა:
- 1-ელ აპრილს აზერბაიჯანის პროკურატურამ სადიგოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა, რამაც თბილისს ფორმალური სამართლებრივი გზა გაუხსნა.
- 4 აპრილს სადიგოვი თბილისში, სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით დააკავეს. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ღამის 04:00 საათზე გამართულ სხდომაზე ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო, 2000 ლარით დააჯარიმა და შსს-ს შუამდგომლობის საფუძველზე მისი დაუყოვნებლივი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.
- 5 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს მითითების მიუხედავად, სადიგოვი აზერბაიჯანს გადასცეს. საქართველოს შსს-ს განმარტებით, სტრასბურგის აკრძალვა მხოლოდ „ექსტრადიციას“ ეხებოდა, ხოლო ვინაიდან ბაქომ საქმე 1-ელ აპრილს შეწყვიტა, დეპორტაცია საერთაშორისო ვალდებულებებს არ ეწინააღმდეგებოდა.
- 8 ივნისს, დეპორტაციიდან ორ თვეში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე განაახლა, იგი ბაქოში დააკავეს და გამოძალვის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სადიგოვის დაჩქარებული და იძულებითი გაძევების გარემოებები მიუთითებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის მაღალი დონის კოორდინაციაზე.
ეს შემთხვევა ტრანსნაციონალური რეპრესიის კიდევ ერთი მძიმე მაგალითია.
აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები მიმართული იყო საერთაშორისო ვალდებულებების ფორმალური გვერდის ავლით თავიდან არიდებისკენ, რითაც უგულებელყვეს ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც კრძალავს პირის დაბრუნებას დევნისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ.
ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციაც (EFJ). ორგანიზაციის პრეზიდენტის, მაია სევერის განცხადებით, აზერბაიჯანი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ ქვეყნად იქცა მედიისთვის, სადაც ამჟამად 37 ჟურნალისტი იმყოფება პატიმრობაში.
