Facebook-ზე კომენტარის გამო ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით დააპატიმრეს

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს Facebook-პოსტზე დაწერილი კომენტარის გამო 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს გამოცემა „ნეტგაზეთის“ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო.

„აუცილებლად ტროტუარი უნდა იყოს შეკრების ადგილი?“ - მოსამართლე დავით მაკარაძის სიტყვები იყო იმ სტატიის სათაური, რომელიც ტროტუარზე დგომის საბაბით სამართალდამრღვევად ცნობილ ადამიანებს ეხებოდა. ლაშა ჩხრტიშვილის სახელით კომენტარებში დაიწერა - „აბა, მაინცდამაინც მისნაირი ნაბიჭვრების გასვენებაში?“. ამის გამო მას მოსამართლის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი.

„სახაზინო ადვოკატიც კი არ დამინიშნეს, ნახევარი პროცესი ჩაატარეს ადვოკატის გარეშე და ძლივს, ნახევრის შემდეგ სხვა ადვოკატის ჩართვის საშუალება მომეცა. ადამიანებს სახაზინო ადვოკატს უნიშნავდნენ საბჭოეთშიც კი. ეს საქართველოს უბოროტესი მტერი უკვე ადვოკატის გარეშეც გვასამართლებს. ამ შემთხვევაში, Facebook-ზე სხვისი პოსტის კომენტარის გამოც კი მე მედავებიან - სხვათა შორის, ეს კომენტარი ჩემია თუ არა, ეს კიდევ დასამტკიცებელია იმიტომ, რომ მე პირადად სულ არ მახსოვს. სულისკვეთებას ვიზიარებ ამ კომენტარის, თუმცა ფორმა ცოტა უხეშია, შეიძლება ჩემი სულაც არ იყოს.

ფაქტია, აზრის გამოხატვის გამო ადამიანის დაპატიმრება არის დიქტატურისკენ სრული სვლით დაძვრა“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად იდევნება და მისი დაპატიმრების მიზეზი 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე, რუსთაველის გამზირზე მის მიერ მოწყობილი პერფორმანსია. ჩხარტიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს იუბილე „შავი მიწის ტორტით“ მიულოცა.

ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ტროტუარზე განმეორებით დგომისთვის მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და 300 000 ლარამდე ჯარიმა აქვს დაკისრებული საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. გასული წლის ოქტომბერში მას 14 დღით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით.

„მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლომდე ვიბრძოდი და ვიბრძოლებ ბიძინა რუსის რეჟიმის დასრულებისა და საქართველოს ჩრდილოეთკორეიზაციის წინააღმდეგ, რათა გადარჩეს საქართველოს დამოუკიდებლობა და ის უქართველოდ და სრულად გაყიდულ-განადგურებული არ აღმოჩნდეს! სხვა გზა და სხვა უფლება არ გვაქვს, რადგან სხვა საქართველო არ არსებობს!“ - დაწერა ჩხარტიშვილმა დაპატიმრებამდე Facebook-ზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.