„გადადგეს ბანდიტების მთავრობა!“ – არჩევნების წლისთავზე თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

ლევან ზაზაძის ფოტო

26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ერთი წლისთავზე და უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების 333-ე დღეს, თბილისში რესპუბლიკის მოედანიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მომიტინგეებმა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადადგომა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღეს ჩვენ ვიკრიბებით აქ, რომ ყველამ ერთად, მათ შორის დაპატიმრებული ადამიანების სახელით ვთქვათ: გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები! ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის“, - მიმართა აქციის მონაწილეებს პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ.

მან მოქალაქეებს შესთავაზა, დამკვიდრდეს ერთგვარი რიტუალი, რომელიც ჯიუტად შესრულდება მანამ, სანამ მიზნები არ იქნება მიღწეული.

„ჩვენ გვჭირდება, რომ საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო დიდმა რაოდენობამ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ აღარ და ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად მანამ, სანამ არ აღვადგენთ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, არ გავათავისუფლებთ უდანაშაულოდ დაპატიმრებულ ადამიანებს და არ ჩავატარებთ ნამდვილად თავისუფალ არჩევნებს.

ამისთვის მინდა შემოგთავაზოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაამკვიდროს ერთგვარი ახალი, დემოკრატიული რიტუალი, რომელსაც ჯიუტად შევასრულებთ მანამ, სანამ ჩვენი მიზნები არ იქნება მიღწეული. შემიძლია ამ რიტუალისთვის სამი რამ შემოგთავაზოთ:

  • თითოეულმა მოქალაქემ კვირაში ერთი დღე მაინც აუცილებლად გაატაროს რუსთაველზე, საპროტესტო კერაზე ან სხვა ქალაქებში;
  • მხარი დაუჭირონ და დავაფინანსოთ ის მამაცი ადვოკატები, იურისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც იცავენ მართალ ადამიანებს და მათი ბრძოლის წყალობით მართალი სიტყვა ჯერ კიდევ ისმის ქვეყანაში;
  • შევუერთდეთ და გავაძლიეროთ დემოკრატიული, პატრიოტული, სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტი ახლავე ჩავყაროთ და ის ისეთი ძლიერი იყოს, რომ ვერცერთმა ავტოკრატმა ვეღარ შეარყიოს.

მინდა მივმართო პოლიტპატიმრებს, უდანაშაულო ადამიანებს: მეგობრებო, დებო და ძმებო ჩვენ აქ თქვენთვის ვდგავართ და ვიდგებით მანამ, სანამ თითოეული თქვენგანი არ გათავისუფლდება. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომლებიც მუდმივად დავუდგებით ერთმანეთს გვერდით სანამ სამართლიანობა მართლა არ აღდგება და სამართალი არ იზეიმებს.

ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ელემენტარულს - თავისუფალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. დღეს ჩვენ ვიკრიბებით აქ, რომ ყველამ ერთად, მათ შორის დაპატიმრებული ადამიანების სახელით ვთქვათ: გადადგეს ეს ბანდიტების მთავრობა! გათავისუფლდნენ უდანაშაულო ადამიანები! ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები!

ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმაც უნდა იბრძოლოს ყველასათვის. მინდა გთხოვოთ გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, გამარჯვებისთვის, ბოლომდე გამარჯვებისთვის!“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან გასული ერთი წელი შეაჯამა და თქვა, რომ ერთი წელია, ხელისუფლება არალეგიტიმურია.

„ვერაფრით მოიპოვა ლეგიტიმურობა მცდელობებით, რომ ვიღაცებს ხელი ჩამოართვან, ვერც იმით, რომ ვიღაცები შეიყვანეს პარლამენტში, ან აპირებენ შეიყვანონ პარლამენტში”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან რუსული სცენარი უწოდა როგორც ბოლო საპარლამენტო არჩევნებს, ისე 4 ოქტომბრს განვითარებულ მოვლენებს.

„4 ოქტომბერს რეჟიმმა სცადა ხალხი შეეტყუებინა აბსურდულ სცენარში, რომელიც მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების ტვინში შეიძლება ყოფილიყო მოხარშული. ქართველი ხალხი ბრძენია, იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიანი ბრძოლა ბოლომდე.

რა გამოჩნდა ერთი წლის განმავლობაში? გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხის მხარეს არის არნახული სოლიდარობა - საკმარისია ნახოთ, რა სისწრაფით გროვდება დახმარება ჯარიმებისთვის, რათა არავინ დარჩეს დაუცველი ამ უსამართლობის წინაშე; საკმარისია ნახოთ ყოველივე სასამართლოზე ადამიანები, რომლებიც იქ დგანან, მიდიან, არავის ტოვებენ მარტო.

სამაგიეროდ, ამ რეჟიმის წარმომადგენლები როდესაც არიან ციხის წინ და სასამართლოზე, მარტო არიან, არავინ დგება მათ გვერდთ. არავინ უცხადებს სოლიდარობას, თუნდაც Facebook პოსტებით. მარტო არიან. საზოგადოების მხარეს არის სოლიდარობა, თანაგრძნობა, რომელიც რეჟიმმა გამოაცხადა როგორც არალეგალური“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, რეჟიმმა უკვე წააგო და მისი დღეები დათვლილია.

„ჩვენ, ვალდებულები ვართ, კიდევ ცოტა გავუძლოთ. მინდა ვუთხრა პოლიტიკური პატიმრების მშობლებს: მე მესმის, როდესაც ვამბობ: „ცოტა კიდევ გავუძლოთ“ მარტივი სიტყვები არ არის. ამას როდესაც ვამბობ, მარტივი სიტყვები არაა იმ აქტივისტებისთვისაც, რომლებიც ყოველდღე აქ დგანან და საკუთარ თავზე იღებენ ამ მოძრაობის უწყვეტობას.

ვიცი, არაფერი არასდროს არის ადვილი, როდესაც საუბარია, რომ ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, რუსებს არ დავუთმოთ, თუნდაც ქართულ ტანსაცმელში გადაცმულს. აქ, უკვე ჩვენი, თქვენი გამარჯვებაა. კიდევ ცოტას გაუძლოს ჩვენმა გულმა, მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება, ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც გვჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და ჩვენ ამ მომავლისთვის ყველა ერთად ვდგავართ“,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ რეჟიმის ბოლომდე პოლიტიკურად მოსაგუდად, უკეთესი ორგანიზებაა საჭირო. მან პროტესტის გულშემატკივრებს მოუწოდა, დარეგისტრირდნენ „წინააღმდეგობის გვერდზე“, რათა უკუკავშირი და უკეთ ორგანიზება შეძლონ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.