გადამწყვეტი დროა, თითქოს 1921 წელში ვართ და ყველაფერი მეორდება - ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლა საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, ხალხი ქუჩაშია, რადგან გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს. მან პარალელი გაავლო 1921 წელთან, როდესაც საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია მოხდა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გადამწყვეტი დროა, რადგან ზოგიერთ დღეებსა და მომენტებში გვაქვს შეგრძნება, თითქოს, 1921 წელში ვართ, რომ ყველაფერი მეორდება. და ეს არის ალბათ ის, რაც ხსნის იმ გამბედაობას და მონდომებას, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც საკუთარი თავისუფლების, მომავლის წართმევად მიიჩნევს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში პროტესტი უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე 21 დღის წინ, 28 ნოემბერს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ განაცხადა.

„ეს პროტესტი იყო დაუყოვნებლივ არჩევნების შემდეგ. ეს საპროტესტო აქციები გაიმართა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსული კანონი მეორედ შემოიღეს. ეს საპროტესტო აქციები იყო გასულ გაზაფხულზე, როდესაც რუსული კანონი პირველად წარადგინეს. და ეს პროტესტი საქართველოსთვის დამახასიათებელი იყო ყოველ ჯერზე და ყოველთვის, როცა ქართველი ხალხი გრძნობდა, რომ არსებობდა საფრთხე თავისუფლებასთან, ევროპულობასთან, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

საქართველოში არასდროს ყოფილა მასიური პროტესტი სოციალურ პირობებთან დაკავშირებით და ამისთვისაც ბევრი მიზეზი ექნება, რადგან რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ხალხი მასიურად გამოდის ქუჩებში, ეს ხდება მაშინ, როცა გრძნობენ, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხია და ასეა დღესაც“, - თქვა ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ახლა მთელ საზოგადოებას მოიცავს, მშვიდობიანია და არა რევოლუციური.

„ეს არის ძალიან მშვიდობიანი მოძრაობა, ძალიან მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ორ რამეს ითხოვს: დამიბრუნე ჩემი ხმა, მოპარული არჩევნების გამო; დამიბრუნე ჩემი მომავალი, ჩემი ევროპული მომავალი და ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა.

ამ თვალსაზრისით ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა, რადგან არ არსებობს მოთხოვნები იმის შესახებ, თუ ვინ რომელი ძალაუფლებიდან უნდა განიდევნოს. ეს მართლაც არის -მოდით, დავუბრუნდეთ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ვნახოთ, სად არის დღეს საქართველოში ხალხის ნება, რომლის გამოვლენას ისინი ქუჩებში ცდილობენ, მაგრამ მოდით, გამოვავლინოთ დემოკრატიულად, ბიულეტენში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.