გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რეპრესიული კანონების, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის, „გრანტების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 5 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 6 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
მერი ლოულორმა კრიტიკული განცხადება დღეს, 26 იანვარს გამოაქვეყნა. ამავე დღეს ჟენევაში გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა გაიმართა.
მერი ლოულორის განცხადებით, 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, დაადოკუმენტირა ქვეყანაში ადამიანის უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობის მკვეთრი შემცირება, ასევე მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ რეპრესიები.
„2023 წლის შემდეგ უფლებათადამცველები, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებიან, თავიანთი განცხადებების გამო დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი ხდებიან. კანონი, რომელიც ძალაში 2025 წლის მაისში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ, ავალდებულებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური ინტერესების“ წარმომადგენლები და ყოველწლიურად წარადგინონ დეტალური ფინანსური ანგარიშები.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, მასობრივ საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევების, ძალის გადაჭარბებული გამოყენებისა და დაკავების ადგილებში წამების შესახებ ცნობები.
2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლამდე საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც ეხება შეკრებებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლის სამართლის კანონმდებლობას და სერიოზულად ზღუდავს ხალხის შესაძლებლობას, დაიცვას ადამიანის უფლებები.
სამოქალაქო საზოგადოება ასევე გახდა სამიზნე ახალი კანონებისა, მათ შორის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ (FARA) და „გრანტების შესახებ კანონის“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უკრძალავს გრანტების მიღებას ან განახლებას მთავრობის თანხმობის გარეშე.
ამ კანონებთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველები აწყდებიან ცილისწამების კამპანიებს და შეთხზულ სისხლის სამართლის საქმეებს, მათ შორის „საბოტაჟისთვის“.
ლგბტქ+ უფლებების დამცველები განსაკუთრებით დაუცველები არიან დევნის მიმართ, მათ შორის ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონის“ ფარგლებში“, - წერს მერი ლოულორი განცხადებაში.
გაეროს სპეციალური მომხსენებლი ამბობს, რომ საქართველომ უნდა:
- გააუქმოს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონში ბოლოდროინდელი ცვლილებები;
- გააუქმოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ბოლოდროინდელი ცვლილებები;
- გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი;
- გადახედოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს მუშაობას და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილებების დამოუკიდებელი სასამართლო განხილვა;
- იმუშაოს მისი ვიზიტის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაზე;
- სრულად უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან;
- შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ადვოკატების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან.
სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ თავისი მანდატის ფარგლებში მან უხელმძღვანელა ან მონაწილეობა მიიღო ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისთვის რვა შეტყობინების მომზადებაში, რომელთაგან არცერთზე პასუხი არ არ მიუღია.
