გაგლოევი: დღევანდელი გეოპოლიტიკური ცვლილებები ჩვენთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებით, გეოპოლიტიკური ცვლილებები „ახალ შესაძლებლობებს ხსნის“ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების თვალსაზრისით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტი უკვე შემდგარი ფაქტია და საერთაშორისო საზოგადოება უკვე დარწმუნდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის სტაბილურობაში.

დღევანდელი გეოპოლიტიკური ცვლილებები ჩვენთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ნიშანდობლივი იყო ის, რომ აგვისტოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად უარი თქვა გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს შესახებ ანტირუსული რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რაც სულ ახლახან შეუძლებლად გვეჩვენებოდა.

დარწმუნებული ვარ, რომ მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება, რისთვისაც რუსეთი და მისი მოკავშირეები იბრძვიან, დამატებით პირობებს შექმნის სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის მსურველი სახელმწიფოების რაოდენობის გაფართოებისთვის“, - განაცხადა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გაგლოევმა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა საქართველოსთან „საზღვრების“ დადგენისა და „დიალოგის“ დაწყების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ქართული მხრიდან არ ჩანს რაიმე ნიშანი „სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყების მზადყოფნასთან დაკავშირებით“.

„თბილისი კვლავ ობიექტური რეალობის იგნორირებისა და პირდაპირი ჩართულობის ნებისმიერი ფორმის დაბლოკვის პოლიტიკას აგრძელებს. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების რეალური შესაძლებლობების მქონე საკითხების გადაჭრის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პლატფორმებს „რუსული ოკუპაციისა“ და „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ პროპაგანდისტული სლოგანების გასავრცელებლად იყენებს.

ჩვენი მხრივ, ჩვენ ღიად ვაცხადებთ მზადყოფნას პრაგმატული დიალოგისთვის თანასწორობის საფუძველზე. თუმცა, ასეთი დიალოგი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ქართული პოლიტიკური ელიტა უარს იტყვის რევანშისტურ ილუზიებზე, აღიარებს პასუხისმგებლობას წარსულ აგრესიაზე და შეწყვეტს სამხრეთ ოსეთის „დაბრუნების“ ობიექტად განხილვას.

რაც შეეხება შესაძლო დელიმიტაციის ვადებს, ყველაფერი დამოუკიდებულია კონსტრუქციული მუშაობის დასაწყებად ქართული მხარის მზადყოფნაზე“, - განაცხადა გაგლოევმა.

დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებული რეგიონების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედებას პრობლემად მიიჩნევს. ალან გაგლოევის თქმით, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მიღებული ეს კანონი „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ბლოკადის რეჟიმს ამყარებს“.

„აღსანიშნავია, რომ თავად სააკაშვილი ამჟამად მსჯავრდებულია, ხოლო მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა საქართველოში კრიტიკის საგანია, თუმცა კანონი კვლავ მოქმედებს და განსაზღვრავს თბილისის მიდგომას ჩვენი სახელმწიფოების მიმართ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ

მშვიდობისადმი ერთგულების დეკლარაციები და ქართველი პოლიტიკოსების ხმამაღალი განცხადებები წარსული აგრესიისთვის ბოდიშის მოხდის მზადყოფნის შესახებ რეალური ქმედებებით არ არის გამყარებული“, - აღნიშნა ალან გაგლოევმა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რუსეთთან ერთად, კვლავაც დაჟინებით მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.

„სამხრეთ ოსეთის დელეგაცია უკვე 17 წელია თანმიმდევრულად აყენებს ამ საკითხს ჟენევაში, აფხაზ და რუს კოლეგებთან ერთად. ჩვენ ყოველთვის ამოვდიოდით იქიდან, რომ ასეთი შეთანხმების ხელმოწერა იქნებოდა დაძაბულობის შემცირებისა და ნდობის აღდგენის საწყისი წერტილი. თუმცა, ქართული მხარე კვლავაც ერიდება ამ აშკარა აუცილებლობის აღიარებას. ამასთან, მისი პოზიცია სარგებლობს დასავლელი პარტნიორების სრული მხარდაჭერით, რაც თბილისს საშუალებას აძლევს წლიდან წლამდე დაბლოკოს ძირითადი დოკუმენტის განხილვა, რომლის გარეშეც წინ წასვლა შეუძლებელია“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.