გაგუას უთხრეს, მიეცი ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება, თუარადა ბავშვები დარჩებიან დედ-მამის გარეშეო – ნადარეიშვილი

ანი ნადარეიშვილი

„ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, იყო სრული ბოდვა“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი (ანნა) ნადარეიშვილმა განაცხადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალაია 26 დეკემბერს დააკავა და 4 ოქტომბრის მოვლენების „მთავარ ორგანიზატორად“ გამოაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, 4 ოქტომბრის „დანაშაულებრივი მოვლენების ორგანიზატორების“ ინტერნეტაპლიკაციებსა და ნადარეიშვილის აიპი (ე.წ. ვაიფაის) მისამართებს შორის, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია. კერძოდ, სუს-ის მტკიცებით, ჯამში, დაფიქსირდა 343 ინტერნეტსესია, მათ შორის, მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ს არ დაუკონკრეტებია კომუნიკაციის შინაარსი, არც რაიმე ჩანაწერი გამოუქვეყნებია.

„ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ ამ ადამიანებს არ ვიცნობთ. ზოგიერთი ჩვენი ნათესავიც არის, ოჯახის ახლობელიც, მეგობარიც და ასე შემდეგ. სრული ბოდვაა. ბაჩოს ტელეფონიც არ აქვთ დადგენილი და საერთოდ, სახლში ვინ ვცხოვრობთ, ეგეც არ აქვთ დადგენილი. გუშინაც მე დამირეკეს და ბაჩო დაიბარეს ჩემი ტელეფონის მეშვეობით. საიდან ადგენენ, რომ ჩემი ტელეფონი არ არის, ან ვინმესი არ არის და ბაჩოსია? თან ვარაუდი აქვთ. სასაცილოა. ასეთი საქმე როგორ უნდა მიიღოს სასამართლომ?!“, – უთხრა ტელეკომპანია „პირველს“ ანი ნადარეიშვილმა.

გუშინ ანი ნადარეიშვილიც დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით გაათავისუფლეს. როგორც ლაშა მაღრაძემ თქვა, გამოძიება „დანაშაულში“ მისი მონაწილეობის შესახებ მომავალში იმსჯელებს.

სუს-ში იყო გადაყვანილი ახალაიების ოჯახის ახლობელი ზვიად გაგუაც. მაღრაძემ გუშინელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაჩო ახალაია მურთაზ ზოდელავას, სავარაუდოდ, ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტაპლიკაცით ეკონტაქტებოდა.

„[სუს-დან] დარეკეს, დაახლოებით 4 საათი იქნებოდა ჩემს ნომერზე. ის გამომძიებელი ქალბატონი იყო, ვინც მანამდე დამიბარა და დამკითხა სუს-ში. მითხრა, რომ დამატებით ჰქონდა კითხვები, მოწმის სახით მიბარებდა, ასევე, იბარებდა ბაჩოსაც და ზვიად გაგუასაც - ჩვენი ოჯახის ახლობელს, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. მე ვუპასუხე, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან მივიდოდით. [...] და კიბატონო, დავაფიქსირებ ამას და დაგიკავშირდებითო. სადღაც ნახევარ საათში დაახლოებით 30 ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა. ტელეფონი გავხსენი, რომ ლაივი ჩამერთო - ეს ავტომატიანი ხალხი რა საჭირო იყო, არ ვიცი - და ეგრევე მომიშვირეს ავტომატები, დააგდე ტელეფონი, ნივთმტკიცებაა და ამოღებულიაო. ის ქალბატონი გამომძიებელი მომადგა და მითხრა, თქვენც დაპატიმრებული ხართ, აქეთ ოთახში გამობრძანდითო და დაიწყეს ჩემი ოქმის შევსება. მე ხომ გამიყვანეს, მერე გაიყვანეს ბაჩო და მერე წაუყვანიათ ზვიად გაგუა.

[ზვიად გაგუა] სუს-ში დაკითხვაზე წაიყვანეს და იქ უთხრეს, რომ მიეცი ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება, დაადასტურე, რომ ჰქონდა კონტაქტი და იყო ორგანიზატორიო და ანის გამოვუშვებთო, თუარადა, ხედავთ, ორივე დაჭერილია და ბავშვები დარჩებიან დედ-მამის გარეშეო.

მერე გამოუშვეს, მოიყვანეს ისევ სახლში, აქ ჩხრეკა მიმდინარეობდა და ცოტა ხანში, რამდენიმე ათეულ წუთში ისევ წაიყვანეს. იგივე უთხრეს, რაიმე ხომ არ მოიფიქრე, რაიმე ხომ არ გაქვს დასამატებელიო“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, სუს-ის გამომძიებლებს არ დაუკითხიათ: „ველოდებოდი ადვოკატს, მე თვითონაც მაინტერესებდა რა კითხვები ჰქონდათ, მაგრამ არც ადვოკატი მაღირსეს და არც დაკითხვა. მერე უცებ გამომიშვეს, გამომაგდეს იქიდან“.

შეკითხვაზე რას უკავშირებს გუშინდელ ბრიფინგზე, ანი ნადარეიშვილმა თქვა, რომ
„რაღაცის გადაფარვას ცდილობენ“.

ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ბაჩო ახალაიას ჰქონდა მოლოდინი, რომ დააკავებდნენ, რადგან დაახლოებით სამი კვირის წინ ქვეყნის დატოვების საშუალება არ მისცეს და საზღვრიდან უკან გამოაბრუნეს.

„ბაჩო რამდენიმე კვირის წინ უკან, ისევ პოლონეთში დაბრუნებას აპირებდა. ჩვენ იქ ემიგრაციაში ვიყავით წასული როგორც ყველა ემიგრანტი, ლუკმა-პურის საშოვნელად ვიყავით, ბანკში გვაქვს ყველაფერი, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს. აქ მოგეხსენებათ, არავინ გვამუშავებს, სამსახურს ვერ ვიშოვით. საზღვარზე არ გაუშვეს, გამოაბრუნეს საზღვრიდან. მიზეზად საერთოდ არაფერი უთხრეს. ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენი გადაადგილებაც და ისიც, ჩვენთან ვინ მოდიოდა. აბსოლუტურად ყველაფერი იცოდნენ. დიდი ხანია უკვე ლუპის ქვეშ ვართ“, – უთხრა ანი ნადარეიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“.

ბაჩო ახალაიასთვის სუს-ს ბრალდება არ წარუდგენია. საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

4 ოქტომბრის საქმეზე უკვე 46 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები – პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.

ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, „ხმის ნიმუშის ასაღებად“ იმყოფებოდა. მაშინ ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სადაც, თითქოს ის და პაატა ბურჭულაძე აქციის შესახებ საუბრობენ, „არათუ ხმა, ბგერა არ არის“ მისი. ახალაიამ ასევე თქვა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან კავშირში მისი სახელისა და გვარის ხსენება პროპაგანდის ნაწილი იყო.

„ძალიან მრცხვენია, ძალიან მიტყდება, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. სამწუხაორა, ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ახალაიამ.

ბაჩო ახალაიამ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე 2022 წლის მარტში დატოვა. ის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე იყო მსჯავრდებული, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.