გახარიას პარტიამ ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალების თხოვნით მიმართა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიხეილ ყაველაშვილს ჭიათურაში დაპატიმრებული მაღაროელების - გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძის შეწყალების თხოვნით მიმართა. დეპუტატმა შალვა კერესელიძემ ხაზი გაუსვა ჭიათურაში არსებულ კრიტიკულ მდგომარეობას და ჩამოთვალა ის ძირითადი პრობლემები, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ხალხი ითხოვს შრომის რეალურ ანაზღაურებას, რის გამოც 3500 კაციდან 2000-ზე მეტი დასაქმებული მაღაროელი შემოსავლის გარეშე დარჩა; ითხოვენ რთული და მაღალი რისკის სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვას; ნედლეულის მიწისქვეშა წესით მოპოვებას, ვინაიდან ჭიათურაში დღეს უკვე სახეზეა ამოწურული რესურსები და თითქმის სრულად ათვისებული ღია კარიერები, მოსახლეობისგან დაცლილი და დანგრეული სოფლები, დაბზარული სახლები, იმედგაცრუებული ახალგაზრდობა, გაზრდილი მიგრაცია, დაბინძურებული გარემო და განადგურებული ინფრასტრუქტურა.

ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მხოლოდ ერთ საწარმოზეა დამოკიდებული. მოსახლეობის 60%-ზე მეტი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ხოლო მესამედი საარსებო შემწეობის მიმღებია. მაღაროელების დაკავება პირდაპირ უკავშირდება ამ მწვავე სოციალურ პროტესტს“, - აღნიშნა კერესელიძემ.

მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, გადადგან ნაბიჯი საზოგადოებრივი კონსენსუსისკენ და ნუ ეცდებიან მტყუან-მართლის გარჩევას იქ, სადაც ადამიანები უკიდურესი გაჭირვების გამო პროტესტს გამოხატავენ.

„შეურიგდით საკუთარ ხალხს და გაათავისუფლეთ პატიმრობიდან მაღაროელები. ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევასა და დემოკრატიული სტაბილურობის აღდგენისკენ“, - განაცხადა კერესელიძემ.

საქმე ეხება ოთხ პირს, რომლებიც შუქრუთის მცხოვრებლებისა და მაღაროელთა უფლებების დასაცავად გამართული აქციების აქტიური მონაწილეები და ორგანიზატორები იყვნენ. მათ ბრალად „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს - 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ; თენგიზ გველესიანსა და არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ჭიათურაში პროტესტი განსაკუთრებით 2025 წლის თებერვალში გამწვავდა, როდესაც კომპანიამ მაღაროები გააჩერა. პარალელურად, წლებია გრძელდება შუქრუთელების პროტესტი, რომლებიც მანგანუმის მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანის ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.