გახარია ხალხს პროტესტისკენ, დასავლელ პარტნიორებს კი სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არაკონსტიტუციურ სპირალში მყოფი „ქართული ოცნების“ ქმედებები სახელმწიფო ინტერესების გაცხადებული ღალატია. მან 28 ნოემბრის მოვლენებს საქართველოს უახლესი ისტორიის შავი ლაქა უწოდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გუშინდელი დღე, ჩვენდა საუბედუროდ და სამწუხაროდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში დარჩება როგორც შავი ლაქა... ეს იყო გაცხადებული, კოლექტიური, სახელმწიფოს ინტერესების ღალატი, რომელიც განხორციელდა პირდაპირ ეთერში, ივანიშვილის დავალებით, უკანონოდ არჩეული პრემიერის მიერ, რომელმაც ფაქტობრივად თქვა, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებით, აჩერებენ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას“, - თქვა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ ბრძოლის უმთავრესი მიზანი ხელახალი არჩევნების დანიშვნით ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება უნდა იყოს. 

გახარია ბრძოლის ერთადერთ მეთოდად მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემურ პროტესტს ხედავს, რომელსაც მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორებისგან ექნება. ის დასავლეთს მოუწოდებს არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია და სანქციები არა ხალხს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში დამნაშავე კონკრეტულ პირებს დაუწესონ.

„აუცილებლად მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ ყველას, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, რომ ეს პროტესტი იყოს მრავალი, ბევრი, სისტემური და მთელი ქვეყნის მასშტაბით...

მივმართავთ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს, უკანონოდ დანიშნულ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები გამოიყენონ არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ - მაგალითად მე ვგულისხმობ უვიზო რეჟიმის შეჩერებას, არამედ კონკრეტულად, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, გაყალბებაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და რაც მთავარია, საქართველოს იმ მოქალაქეებზე ძალადობაში, რომლებიც გუშინ თბილისის ქუჩებში იცავდნენ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს“, - თქვა გიორგი გახარიამ.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა სასტიკად ნაცემ ჟურნალისტებს, დაზარალებულ აქტივისტებსა და მოქალაქეებს.

28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტებზე. გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაში, პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები დაარბია - მათ წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, რომელსაც ქიმიური გამაღიზიანებლები ჰქონდა შერეული. სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-მ შეკრების თავისუფლება დაარღვია, რადგან იმ დროს, როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენებით მოქალაქეების დაშლა დაიწყო, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა. აქციის დარბევის შედეგად მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.