„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, რომელიც ამავე კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის უკვე დაპატიმრებულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 5 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
„23 ივნისს ჩვენ ხელმეორედ გამოვკითხავთ გიორგი გახარიას. იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარია დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრი, მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო. ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მცხოვრებლის განმარტება, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ, ოკუპანტმა სახელმწიფომ დაიკავა და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენებები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია. ამიტომ, ჩვენი ვალია, მას დამატებითი კითხვები დავუსვათ. ასევე, კითხვები დაისმება და ეს შეტყობინების წერილში მას ეცნობა, 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო. ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის, მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
გახარია ერთხელ უკვე გამოკითხეს 14 აპრილს და კითხვები ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებითაც დაუსვეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხს გენერალური პროკურატურაც იძიებს.
ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 30 ივნისს არიან დაბარებული მამუკა ხაზარაძე და ნიკა გვარამია. შეტყობინების თანახმად, მათგან ახსნა -განმარტების მიცემას ითხოვენ „2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“.
„კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით. მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. მოსვლას არ ვაპირებ! ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ. ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ!
ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე!“- დაწერა ხაზარაძემ.
ნიკა გვარამიასთვის ციხეში გაგზავნილ წერილში, ე.წ. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი წერს, რომ მას ჩართვის მეშვეობით გამოკითხავენ.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია - არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას. თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწილეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ”, - ნათქვამია პარტია „ახალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. ე.წ. საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. „ქართულ ოცნებას“ სურს აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ აღიარეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, უარი თქვეს მანდატებზე და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით (პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა) ბრალი აქვთ წარდგენილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერებს ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას. ოთხივე მათგანი დააპატიმრეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო.
ამავე მუხლით არიან ბრალდებულები და გირაო გადაიხადეს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძე (50 000 - 50 000 ლარი); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ (10 000 ლარი); „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ (50 000 ლარი).
„საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ სასჯელის სახით ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
