გახარია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მასზე მომხდარი თავდასხმა პოლიტიკური შურისძიება იყო, რომლის ავტორი და დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან ქვეყანაში“, - გახარიამ 15 იანვარის თავდასხმის შემდეგ დღეს პირველად გამართა ბრიფინგი და მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. მას თავდამსხმელების ვინაობა არ დაუსახელებია.

„იმ დღეს ვიმყოფებოდი ბათუმში, ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე და

როცა დავბრუნდი „შერატონში“, შესასვლელშივე დამხვდნენ რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი ადამიანები, რომლებიც შესული არ ვიყავი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც მოჰყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება.

ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს იღებდა ტელეფონით. სასტუმროს ლობი უკვე დაცარიელებული იყო, მათ შორის სასტუმროს თანამშრომლებისგან. მას შემდეგ, რაც სასტუმროში შევედი, უკვე აშკარა იყო, რომ ეს ადამიანები ყველანაირად ცდილობდნენ, შემემჩნია, რომ შეიარაღებულები იყვნენ. მას შემდეგ, რაც მოვახდინე რეაქცია  და მე ამას არ უარვყოფ - ქაღალდის ჭიქაში დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, ასე ვთქვათ - ჯგუფურად, ფიზიკურად თავს დამესხნენ. როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და ვიდრე სასწრაფოს თანამშრომლები არ დამეხმარნენ, გონზე ვერ მოვედი“, – განაცხადა გახარიამ.

პროკურატურას გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. მისი თქმით, ის, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება და როგორ იქცევა „ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია“ მიუთითებს იმაზე, რომ საქმის სამართლიანად გამოძიებას არ აპირებენ.

„ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს და რასაც იღებდნენ აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან ერთად, ფაქტია, რომ გაქრა კამერის ჩანაწერები და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა სასტუმრო „შერატონის“ მენეჯმენტზე იმისთვის, რომ ეს ვიდეოკადრები გამქრალიყო.

სამართლებრივად დაზარალებულის სტატუსი არ მაქვს მონიჭებული და დღეს, ფაქტობრივად, საქმის მასალებზე წვდომა არ გვაქვს.

კამერები, რაც ამოიღეს „შერატონიდან“, ამოიღეს სასამართლოს ორი განჩინებით: ერთი განჩინებით ამოიღეს ისე, როგორც იყო ამოსაღები - ვიდეოგადამღების ჩანაწერები. მერე მიიღეს მეორე განჩინება და მთლიანი ინფრასტრუქტურა, თავისი სერვერებით, ამოიღეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა ვერ ვნახოთ სიმართლე, იქ რა მოხდა. მალავენ იმას, რაც მოხდა.

[...] ის, რომ ამ თავდასხმაში მთლიანად, ინფრასტრუქტურულად იყო ჩართული ბევრი ძალოვანი სტრუქტურა, მათ შორის, „შერატონის“ გარკვეული თანამშრომლები, ეს ფაქტები სახეზეა. თავის მართლება ვერ უშველით, დასბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ „შერატონის“ თანამშრომლების ნაწილი იყო შეთანმხებული ამ თავდასხმის ორგანიზატორებთან“, - განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი დაშინების „სასაცილო მცდელობისა“, ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება“.

„ამ ადამიანისთვის ფულზე უფრო დიდი ფასეულობა არ არსებობს. ამ ადამიანისთვის ჩვენი, ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალი საერთოდ არაფერია, ფულთან შედარებით. ამიტომ ვიდრე ჩვენ არ გავაკეთებთ ყვერლაფერს, რომ ეს ადამიანი ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას და დაკარგოს ის ფული, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეებს მოპარა ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ჩვენს მისიას შესრულებულად ვერ ჩავთვლით. ჩემი დაპირებაც ამაში გამოიხატება - მისი სახელი და რეპუტაცია უკვე გასაგებია, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.

იმისთვის, რომ მან არ გააგრძელოს ბოროტება ამ ქვეყნის მომავლის წინაშე, მან უნდა დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც, რადგან იმ ფულის დიდი ნაწილი ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს და ძალაუფლება ეკუთვნით საქართველოს მოქალაქეებს სრულად“, - აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარიას ფიზიკურად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე გაუსწორდნენ. მანამდე იგივე ჯგუფი ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს დაესხა თავს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების დეტალები უცნობია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.