გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მიესალმება 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას და აცხდებს, რომ ის გახარიას ბრალეულობას გამორიცხავს, ადასტურებს, რომ „გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 პროკურატურამ ყვარლის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინა
„ქართული ოცნების“ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ექსპრემიერის პარტიის დეპუტატმა, გიგა ფარულავამ თქვა, რომ აქციის დარბევისას „რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია“.
„ვკითხულობ ციტატას სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან: „საქმის მასალების მიხედვით, სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს (მინისტრს - გახარიას და მის მოადგილეებს) კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების (რეზინის ტყვიების) გამოყენების ბრძანება არ გაუციათ.“ შესაბამისად, ისმის მთავარი კითხვა - ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების დავალება?!
ჩვენ სრულად მივესალმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გუშინდელ გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე. ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ „ოცნების“ მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე შეთითხნილი ბრალი მხოლოდ პოლიტიკური დევნაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამორიცხავს გიორგი გახარიას იმ ბრალს, რასაც მას „ოცნების“ პროკურატურა ედავება.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისის მიტინგის დაშლა იყო კანონიერი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს. 20 ივნისს დარღვევის გამომწვევი ერთადერთი იარაღი, რომლითაც ადამიანებმა მძიმე დაზიანება მიიღეს, იყო რეზინის ტყვიები. რეზინის ტყვიების გამოყენების არაპროპორციულობა დადასტურდა 4 კონკრეტულ შემთხვევაში. რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია“, - განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების საფუძველი: „ობიექტურად დადგინდება, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. მივმართავთ 20 ივნისის ორგანიზატორებსა და ნამდვილ შემოქმედებს - ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა გიგა ფარულავამ.
როგორც პარტიაში განაცხადეს, დიდი პალატის გადაწყვეტილებას სასამართლოში გიორგი გახარიას უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარადგენენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ 11 დეკემბერს გამოაცხადა. დიდმა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან დაირღვა:
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე (პროცედურული და არსებითი) ასპექტი – არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა/ეფექტური გამოძიების არარსებობა;
- კონვენციის მე-10 მუხლის – გამოხატვის თავისუფლება;
- კონვენციის მე-11 მუხლი – შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.
საქმე 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ, მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დარბევას ეხებოდა. საპროტესტო აქცია მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას და რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლას.
მომჩივანი საქართველის 26 მოქალაქე იყო, რომელთაგან ყველა, ერთის გამოკლებით, ან დემონსტრაციის მონაწილეები იყვნენ, ან ჟურნალისტები, რომლებიც პროტესტს აშუქებდნენ. მათი უმეტესობამ დაზიანებები ხელისუფლების მიერ რეზინის ტყვიების („კინეტიკური ზემოქმედების ჭურვები“) გამოყენების შედეგად მიიღო, ნაწილი კი პოლიციის მიერ ძალის გადამეტების მსხვერპლი გახდა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ მომჩივნებს ჯამში 646 000 ევრო უნდა გადაუხადოს მატერიალური და არამატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯების ასანაზღაურებლად.
„ქართული ოცნების“ იუსტიციის სამინისტრო წაგებულ დავაზე პასუხსმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს. როგორც უწყებაში განაცხადეს, შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებიდან ორ თვეში, გიორგი გახარია დააწინაურეს და მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა.
2025 წლის 12 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პროკურატურამ გიორგი გახარიას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა მოქალაქეების ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით. პროკურატურის მტკიცებით, 20 ივნისს, მან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს „ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე“.
