„მთავარი არხი“ უარყოფს პროსამთავრობო არხის, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ტელეკომპანიაში „შავი სალაროს“ მეშვეობით, სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით, მილიონები მოძრაობს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტი და თავად „მთავარი არხი“ ზარალდება. „რუსთავი 2“ იუწყება, რომ ეს სქემა არხის ერთ-ერთმა დირექტორმა, გიორგი (გოგი) ქურდაძემ „გაშიფრა“ და მათ სწორედ მისი „საჩივარი ჩაუვარდათ ხელში“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ვეხმაურებით ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, „მთავარ არხზე“ ადგილი ჰქონდეს თანხების უკანონო ბრუნვას. პირველ რიგში, ვაცხადებთ, რომ „მთავარ არხს“ არასოდეს განუხორციელებია არცერთი უკანონო ტრანზაქცია.
სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ „ოცნების“ რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.
გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას.
ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ „ქართული ოცნება“ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენლის ხელითაც ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი გუნდი მტკიცედ და შეუპოვრად გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას“, - ნათქვამია „მთავარი არხის“ განცხადებაში.
15 ოქტომბერს, „რუსთავი 2“-ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის მიხედვით, ხელში ჩაუვარდათ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის, გიორგი ქურდაძის წერილი, რომელითაც ის ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, ასევე, „თიბისი“ ბანკის გენერალურ დირექტორს მიმართავს. „რუსთავი 2“-ის ცნობით, ქურდაძე „მთავარ არხში“ არსებულ ფინანსურ დარღვევებზე წერს და ითხოვს, შეჩერდეს „უკანონო ფულის ბრუნვა“. სამთავრობო მედიის მტკიცებით „მთავარ არხში“ გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდი ფული სარეკლამო სააგენტო „ნიუ სეილსის“ გავლით შედის, შემდეგ კი „თიბისის“ საშუალებით, მათ შორის, უცხოეთშიც იგზავნება. „საუბარია 2019 -2024 წლებში 8.5 მილიონი დოლარის ექვივალენტ ნაღდ ფულზე, რაც ლარში 23 მილიონს აჭარბებს“, - იუწყება „რუსთავი 2“.
სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილმა“ განაცხადა, რომ ქურდაძის ბრალდებები დაუსაბუთებელია, რაზეც მას 13 სექტემბერს „ვრცელი, ამომწურავი და დეტალური პასუხი“ გასცეს. „გოგი ქურდაძე მოვიწვიეთ მისთვის საინტერესო ნებისმიერი დოკუმენტის გასაცნობად. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს შეთავაზებას საქმიანად მოკიდებოდა და შეეწყვიტა დაუსაბუთებელი ბრალდებები, გოგი ქურდაძემ განაგრძო ჰალუცინოგენური პრეტენზიების წამოყენება. აღნიშნულმა უკვე კამპანიური სახე მიიღო და ნათელია, რომ ეს ემსახურება არა შპს „მთავარი არხის“ ინტერესებს, არამედ შთაგონებულია სულ სხვა მოტივაციით“, - აცხადებენ კომპანიაში.
სამთავრობო მედიის წარმომადგენლებმა დღეს, 16 ოქტომბერს, ამ თემაზე შეკითხვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დაუსვეს. კობახიძემ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხების დისკრედიტაცია სცადა და თქვა, რომ „მთლიანად ოპოზიცია და მათ შორის, ყველა ოპოზიციური ტელევიზია მუშაობს შავი ფულით“. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხს შესაბამისი უწყებები „ალბათ შეისწავლიან“.