„გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ - მაქედან. ბოლომდე“ - ელენე ხოშტარია

ნეტგაზეთის ფოტო

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებული წერილით ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლითაც მას კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ხოშტარია წერს, რომ ის არ აღიარებს „რუსულ რეჟიმს“ და სრულად გააზრებული აქვს ის დისკომფორტი, რაც ამ ბრძოლას ახლავს.

„როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი, არ აღიარებ და გესმის - რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის.

სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს.

მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია“, - ნათქვამია წერილში.

პოლიტიკოსი მის ოჯახსა და შვილებზე გავრცელებულ ნარატივსაც პასუხობს და აღნიშნავს, რომ მისი შვილები ამ „განსაცდელს“ გააზრებულად ხვდებიან:

„ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და „ქოცების“ იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს შვილებს რუსის მოწყალება არ სჭირდებათ. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს“.

ხოშტარიამ მადლობა გადაუხადა „ოპოზიციურ ალიანსს“ პრინციპული პოზიციისთვის და ხაზი გაუსვა, რომ არანაირი პოლიტიკური ვაჭრობა არ შედგება.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით,

საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად ფლომასტერი დანაშაულის იარაღად იქნა აღიარებული:

„მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ქვეყნის სიყვარულია. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად „ქოცებისთვის“, იმიტომ რომ ჩვენი დანებება ჩვენი სამშობლოს მარცხია“.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ კი აღნიშნა, რომ ოთხი შვილის დედის ციხეში გაშვება ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა: „ეს არ არის სამართალი, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნის შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“. დოკუმენტში ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ ხოშტარიასა და სხვა აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს და სრულ სოლიდარობას უცხადებენ მათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.