„გეგმა არსებობს, ვითარება რთულია“ - კობახიძე გურიაში ჩავიდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„მდგომარეობა არის რთული. სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს“, - ამის შესახებ გურიაში ჩასულმა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძის თქმით, გუშინდელმა თოვამ ვითარება კიდევ უფრო მეტად გაართულა და დღეს აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის ჩართვა.

„ტექნიკა იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა. ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ისე სურსათისა და შეშის ნაწილში გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით. მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება, რათა მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 21 თებერვლიდან თოვს. თოვლის საფარმა ზოგიერთ სოფელში ორ მეტრს მიაღწია. მოსახლეობის ნაწილი ხუთი დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ნაწილს კი ბუნებრივი აირი და წყალიც არ მიეწოდება.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ოზურგეთის სოფელ კონჭკათში. არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი იმ დროს დაიღუპა, როდესაც მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა.

თოვლის გამო ათობით სახლის სახურავი ჩამოინგრა.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში ოჯახის წევრებთან, მათ შორის, ხანდაზმულებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. თოვლში არიან ჩარჩენილები ბავშვიანი ოჯახებიც და დახმარებს ითხოვენ.

დღეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებულების დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე, Facebook-ში ჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის“ შეიქმნა და ხალხის დასახმარებლად ღონისძიებების დაგეგმვა დაიწყო.

დღესვე განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. განცხადების მიხედვით, სამაშველო სამუშაოებში 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა აჭარასა და იმერეთშიც. დროებით დაიხურა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება. მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.