„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე, რომელიც ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ დმიტრი ჰარას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გელაძის მოადგილეებიც - ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ქალაქ ლიანიუნგანგში გამართული სამუშაო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა. უწყების თანახმად, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს სისხლის სამართლის საქმეებში იურიდიული დახმარების გაწევის საკითხები, შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო სფეროები, საგამოძიებო პროცესების დიგიტალიზაცია, თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვა და პერსონალის განვითარება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გელა გელაძისა და დმიტრი ჰარას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ გელაძემ შეხვედრები გამართა ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვთან და ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ გამოაქვეყნა შსს-მ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ინფორმაცია, თქვა, რომ „აქ დასამალი არაფერია“.
„პირიქით, აბსოლუტურად ღიად გაცხადებული ვიზიტია, ის იმყოფება ჩინეთში. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება ჩინეთში. მნიშვნელოვანი ვიზიტია და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ამ ვიზიტის შედეგებს“, – განაცხადა კობახიძემ.
გელა გელაძე ლიანიუნგანგში, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით იმყოფება და „გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში“ მონაწილეობს.
