გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კატეგორიულად გმობს“ ელჩი პეტერ ფიშერის „უსაფუძვლო დაბარებას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 5 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 6 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას.
ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა.
დღეს, 24 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, რომელსაც ვენის კონვენციის დარღევაში ადანაშაულებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, გერმანელი ელჩი სამინისტროში პირველად დაიბარეს.
პეტერ ფიშერს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ელჩს განემარტა, რომ „ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში“.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.
ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეხვედრის შემდეგ პეტერ ფიშერმა X-ზე დაწერა, რომ მასზე თავდასხმები უსაფუძვლოა, გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალი კრიზისზე კი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებმაც თავიანთი ქმედებებითა და რიტორიკით ეს გამოიწვიეს და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა გადაღობეს.
„არავინ მომისმინა. მე რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება“, - დაწერა ელჩმა.
პეტერ ფიშერის თქმით, მისი ყველა აქტივობა შესაბამისობაშია გერმანიის მთავრობის და ევროკავშირის პოზიციასთან. „ნუ დაიჯერებთ ცრუ ნარატივს, თითქოს მე და ჩემი კოლეგა დიპლომატები რაღაცნაირად „მავნე დღის წესრიგს“ მივყვებით“, - განაცხადა მან.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გერმანიის ელჩი არაერთხელ დაადანაშაულეს არჩევნებში ჩარევაში, „რადიკალური ჯგუფებისა“ და „ექსტრემიზმის“ მხარდაჭერაში.
