გერმანიის კანცლერმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრის 4 ძირითად გზავნილზე ისაუბრა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის უკრაინის საკითხზე გამართულმა შეხვედრამ მის მოლოდინებს გადააჭარბა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ძალიან ინტენსიური კონსულტაციები ჩავატარეთ.

ჩვენ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდასაჭერად და საერთო ევროპული ინტერესების დასაცავად მოვედით.

პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან ღია დისკუსიები გვქონდა. არ დავმალავ იმ ფაქტს, რომ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ დღეს ყველაფერი ასე წარიმართებოდა. შეიძლებოდა სხვაგვარადაც ყოფილიყო. თუმცა, დღევანდელმა შეხვედრამ ჩემი მოლოდინები არა მხოლოდ გაამართლა, არამედ მათ გადააჭარბა კიდეც“, - განაცხადა მერცმა 18 აგვისტოს, თეთრ სახლში შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის კანცლერმა შეხვედრის ოთხი ძირითადი გზავნილი გააჟღერა.

„პირველ რიგში, რეალური მოლაპარაკებები მხოლოდ ისეთ სამიტზე შეიძლება წარიმართოს, რომელშიც თავად უკრაინა მიიღებს მონაწილეობას. ასეთი სამიტი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც იარაღი დუმს. დღეს ეს მოთხოვნა გავიმეორე.

მეორეც, ასეთი სამიტი საფუძვლიანად უნდა იყოს მომზადებული. ჩვენ არ ვიცით, ეყოფა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს გამბედაობა, რომ ასეთ სამიტს დაესწროს. სწორედ ამიტომ არის საჭირო დარწმუნება“, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.

„ამერიკის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და შეთანხმდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება. ადგილი ჯერ არ არის შეთანხმებული. პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა შემდგომში კიდევ ერთი სამმხრივი შეხვედრის მოწვევას, რათა მოლაპარაკებები რეალურად დაიწყოს“, - განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს.

უკრაინის მხრიდან შესაძლო ტერიტორიულ დათმობებზე (რაც კანცლერმა მესამე საკითხად გამოჰყო) საუბრისას, ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ კიევი „არ უნდა აიძულებენ, დათმოს ტერიტორიები“. ფრიდრიხ მერცის თქმით, რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დონბასის თავისუფალი ნაწილები დათმოს, „პერსპექტივაში რომ შევხედოთ, მასშტაბურად უტოლდება აშშ-ს მიერ ფლორიდის დათმობის წინადადებას“.

სუვერენულ სახელმწიფოს არ შეუძლია უბრალოდ ასეთი რამ გადაწყვიტოს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ თავად უნდა მიიღოს მოლაპარაკებების მსვლელობისას“, - თქვა მერცმა და განმარტა, რომ ევროპელი ლიდერების ტრამპთან და ზელენსკისთან შეხვედრისას უკრაინის მიერ რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიების დათმობის საკითხი არ წამოჭრილა.

მეოთხე გზავნილი, მერცის თქმით, ეხება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ. როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, ეს საკითხი თეთრ სახლში ძალიან ინტენსიურად განიხილეს.

„შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ევროპელებთან ერთად კოორდინაციით. ასე რომ, თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნება“, - განაცხადა კანცლერმა.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი, თუ ვინ და რა დოზით მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში, შეერთებულმა შტატებმა ევროპელ პარტნიორებთან ერთად უნდა განიხილოს.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ ამაში მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. საქმე მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას არ ეხება. საქმე ევროპის პოლიტიკურ წესრიგს ეხება და ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენ, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ძალიან დაინტერესებულები ვართ მონაწილეობით და დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია“, - დასძინა მან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.