გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ ფიშერის მიმართ შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს გმობს

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს, სადაც ის გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს „ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერაში“ სდებს ბრალს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხმაურა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის მთავრობის პოზიციას წარმოადგენს.

„გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას.

გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

10 სექტემბერს ელჩმა ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრ გიუნტერ კრიხბაუმთან შეხვედრის შესახებ. დიპლომატის თქმით, მინისტრმა „დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით“.

„გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჩემ მიმართ, როგორც ელჩისადმი. რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. მე ეს საქართველოშიც საჯაროდ ვთქვი. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლეს არ შეესაბამება“, – დაწერა პეტერ ფიშერმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს Facebook-ზე გამოეხმაურა. როგორ შალვა პაპუაშვილმა დაწერა, მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს „ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ“.

„მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან. ამიტომ, ელჩის მხრიდან, საპირისპიროს მტკიცება არასწორია, არ არის სიმართლე. აკრედიტებული დიპლომატის მიერ, მასპინძელ ქვეყანაში, ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის უხეში დარღვევაა“, – დაწერა პაპუაშვილმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს თავს დაესხა. 8 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, პაპუაშვილი გერმანელ დიპლომატს თვითმმართველობის არჩევნებში „უხეშ ჩარევაშიც“ სდებს ბრალს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.