ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის გირაო ბინით უზრუნველყო – ქონებას ყადაღა დაედო

ირაკლი ღარიბაშვილი ტოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2025 წლის 24 ოქტომბერი | მარიამ ნიკურაძის ფოტო

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბინას, რომელიც თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, 10 ნოემბერს ყადაღა დაედო. ადვოკატების ინფორმაციით, მან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 1 მილიონ ლარიანი გირაო უძრავი ქონებით უზრუნველყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ტელეკომპანია „პირველთან“ ადვოკატმა ლილი გელაშვილმა თქვა, რომ ღარიბაშვილმა ის სახლი „ჩადო“, რომელშიც ცხოვრობს.

„მილიონად კი არა, უფრო მეტადაც არის შეფასებული, გადააჭარბა, მაგრამ ეს სახლი ჩადო. რაიმე დაყადაღება სხვა სახით და სხვა ფორმით არ მომხდარა“, – განაცხადა გელაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ყოფილი პრემიერისა და მისი მამის სახლებიდან მხოლოდ სეიფში არსებული ფული ამოიღეს. ლილი გელაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ოქროს ნივთების ჩვნება ხალხში ემოციების გამოწვევაზე იყო გათვლილი.

„არა თუ საათები, ერთი ნივთიც კი, ოქროსი, იქ რაც არის ნაჩვენები, ზოდები და რაღაც, რამაც ასე იმოქმედა ხალხის ემოციებზე და ამაზე იყო სწორედ გათვლილი ამ ინფორმაციის მიწოდება, როდესაც დიფერენცირება არ მოხდა, ვისგან რა იყო ამოღებული, ერთი ნივთიც კი არ არის არა თუ უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკიდან, არამედ მის ახლობელთან, მამამისთანაც რომ არიან შესული, ერთი ნივთიც კი არ არის ოქროსი ამოღებული“, – ლილი გელაშვილი.

ირაკლი რარიბაშვილი თბილისში, მოსაშვილის N10-ში 159 კვ.მ. და 170 კვ.მ. ფათობის ბინებს ფლობს, რომლებიც 2011 წელს ჯამში 406 000 ლარად შეიძინა.

ყოფილ პრემიერს ბრალად ედება დანაშაული, რომელიც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმის მასალების მიხედვით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში ღარიბაშვილი უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. პროკურატურის განცხადებით, ამ გზით, ლეგალურ ბრუნვაში მოექცა „კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებული“ თანხიდან 830 000 ლარი.

გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელშიც ჯამში 3 670 172 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი, 6 500 000 აშშ დოლარი, ირაკლი ღარიბაშვილის ბინაში 17 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს აღიარებს. როგორც ადვოკატი ლილი გელაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.