მოსამართლე ყველა რეჟიმისთვის - თამაზაშვილის პატიმრობიდან ხოშტარიას განაჩენამდე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, ელენე ხოშტარიას მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობდა, რადგან მის მიმართ წარსულში 16 ადმინისტრაციული საქმე იყო წარმოებული, არ გადაუხდია დაკისრებული ჯარიმები და გირაო, ზიანი კი, რომელიც 570 ლარს შეადგენს, ანაზღაურებული არ არის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოფიციალური განაჩენის მიხედვით, ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის პატიმრობა კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით წარწერის - „რუსული ოცნება“ გაკეთების გამო მიუსაჯეს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ღიად თქვა, რომ ხოშტარია ფლომასტერის გამო კი არ ზის, არამედ „რევოლუციური სქემის“ განვითარების მცდელობისა და ექსტრემიზმისთვის:

„რასაკვირველია, ის ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში. ეს ყველამ კარგად იცის. იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია. ხელისუფლების რევოლუციის გზით გადაყენების ამოცანის შესრულებისათვის უკეთებდა ორგანიზებას ამ პროცესს. ექსტრემიზმისთვის არის დასჯილი და არა ფლომასტერის გამოყენებისათვის, რომლითაც პლაკატი დააზიანა, თუმცა ესეც გარკვეული დანაშაულია, მაგრამ უფრო მსუბუქი, რასაკვირველია, იმასთან შედარებით, რასაც ელენე ხოშტარია აკეთებდა.

სამწუხაროა, რომ იგი მოხდა განსასჯელთა სკამზე. სამწუხაროა იმის აღნიშვნა, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებულ კანონებთან დაპირისპირებაში მან გამოიჩინა თავი და თანაც კონკრეტული განცხადებებით კი არა, რომელიც მას ახასიათებდა, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომელსაც შეიძლება ექსტრემიზმი დავარქვათ“.

მოსამართლე გიორგი არევაძე წლებია პოლიტიკური საქმეების ეპიცენტრშია. მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, 2012 წელს, სწორედ მან მიუსაჯა 3.5 წლით პატიმრობა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული. მაშინ ბიძინა ივანიშვილი თამაზაშვილს „უდიდესი ავტორიტეტის მქონე უპატიოსნეს ადამიანს“ და „პოლიტიკურ პატიმარს“ უწოდებდა. მოგვიანებით, ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ დაადგინა, რომ საქმე პოლიტიკური მოტივით იყო ფალსიფიცირებული, რის გამოც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2013 წელს არევაძეს ღიად აკრიტიკებდა და მას „მოსახლეობის ოპოზიციაში“ მდგომ მოსამართლეს უწოდებდა.

2019 წლამდე, ვიდრე უვადო მოსამართლედ დაინიშნებოდა, არევაძეს არაერთი სხვა გახმაურებული განაჩენი აქვს გამოტანილი. 2018 წელს მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების გამო, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა მიხეილ სააკაშვილს. 2015 წელს მან დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე. იყო გამონაკლისებიც: 2013 წელს მან არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებისა და მილიონიანი გირაოს შეფარდების შესახებ, რაც ხელისუფლებამ მწვავედ გააკრიტიკა.

2019 წელს უვადოდ დანიშვნის შემდეგ, არევაძემ კვლავ განაგრძო რეზონანსული საქმეების განხილვა: 4 წლით ციხეში გაუშვა აქტივისტი არჩილ მუსელიანცი 534 ლარის ზიანის გამო; თაღლითობაში ცნო დამნაშავედ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი და 500 ლარით დააჯარიმა ნიკა გვარამია მისი „არაადეკვატურად“ მოხსენიებისთვის.

დღეს მოსამართლე არევაძე, რომელიც ერთ დროს „ოცნებისთვის“ პოლიტიკური დევნის სიმბოლო იყო, თავად იქცა იმ განაჩენის ავტორად, რომლითაც ოპოზიციონერი ლიდერი ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო წელიწადნახევრით ციხეში გამოკეტეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.