თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა „ქართული ოცნების“ პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის. ვაშაძეს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
სასამართლო სხდომას გიორგი ვაშაძე არ ესწრებოდა. ის განაჩენს პარტიის ოფისში ელოდებოდა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და დააპატიმრეს.
„ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, გაცილებით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ციხეში მე და სხვა კი არა, გინდა მთელი ქვეყანა გამოკეტო, არ გაგივა!“ – განაცხადა ვაშაძემ დაპატიმრებამდე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში სოლიდარობისთვის მივიდნენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
„ასეთი რამ წარმოუდგენელია ქვეყანაში, რომელიც ეკუთვნის ევროპას, მიდის ევროპისკენ და წავა უთუოდ ევროპისკენ, ამ სივრცეში ადამიანის უფლებების და კონსტიტუციის ყველა მუხლის ასეთი დარღვევები. მგონი, სტრასბურგი მალე ვეღარ აუვა აქედან წასულ სარჩელებს. აქამდე თუ მივიდოდით, ვერაფრით წარმოვიდგენდი, როცა ამ ქვეყანაში მოვდიოდი“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
„ასე მარცხდება ოლიგარქია. ბევრი კამათი და კრიტიკა გვინახავს ოპოზიციაში, თუმცა ფაქტია, რომ დღეს პროდასავლური ოპოზიცია იბრძვის საკუთარი თავისუფლების ხარჯზე. ამის მაგალითია დღეს გიორგი. ჩვენ სისტემას უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია. მინდა გიორგის პირობა დავუდო, რომ ყველაფერს ვიზამთ ერთიანობისთვის. დღეს შიდაპოლიტიკური კინკლაობის ადგილი არ არის. ერთიანობა არის ერთადერთი პასუხი, რასაც იმსახურებენ ნიკა, ნიკა, ზურა, ბადრი, მამუკა და ახლა უკვე გიორგიც“, - განაცხადა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. ე.წ. საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. „ქართულ ოცნებას“ სურს აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ აღიარეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, უარი თქვეს მანდატებზე და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით (პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა) დააპატიმრეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია და ნიკა გვარამია.
8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, 7 თვით პატიმრობა კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს.
ამავე მუხლით ბრალდებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე.
