ჩოხატაურის საკრებულოს ამჟამად უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ წევრ დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელზე ჯგუფურ ძალადობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ია ბარამიძემ დღეს, 30 იანვარს მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. საქმის პროკურორის თქმით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, დავით შარაშიძე მიიმალება და ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე. ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
დავით შარაშიძე 28 იანვარს დააკავეს, კიდევ ორი ბრალდებული ამ დრომდე მიმალვაშია. საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი პოლიციელი გოგა ჯინჭარაძე.
„ბრალდებულს თან ახლდა ორი პირი. ამ ორი პირიდან ერთი ესაუბრებოდა დაზარალებულს, ამ საუბარში გამოხატა მხარდაჭერა „ქურდული სამყაროს“ მიმართ, შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ასევე, სამართალდამცავ ორგანოს და შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. ცემის პროცესში მონაწილეობდა როგორც ბრალდებული, ისე მასთან ერთად მყოფი ორი პირი“, - განაცხადა პროკურორმა.
შარაშიძის გირაოთი გათავისუფლება მისმა ადვოკატმა მოითხოვა, რაც იმით დაასაბუთა, რომ დავით შარაშიძე დანაშაულს აღიარებს და ის წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. გარდა ამისა, ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ინციდენტის დროს პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
„4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე, საკრებულოს წევრი. ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს. მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო. ვნანობ რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ გაიხსენებთ, დიდი მადლობელი ვიქნები, თუ არ გამოიყენებთ პატიმრობას. ვინანიებ რაც გავაკეთე, ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი. თუ ციხეში არ გამიშვებთ, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას“, - თქვა შარაშიძემ სასამართლო სხდომაზე.
ის ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გუშინ, 29 იანვარს გადააყენეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
