„ქართული ოცნების“ პარლამენტში ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გივი თარგამაძესაც, რომელიც 2008-2012 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თარგამაძეს 2 წლით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
სასამართლო სხდომას გივი თარგამაძე არ ესწრებოდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ის თვითონ მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დააკავეს.
თარგამაძემ თქვა, რომ მისი დაპატიმრება „რუსების ინტერესი“ იყო:
„უნდოდათ აფეთქება, ამაფეთქეს, მაგრამ ამის შიშით რაღაცების არგაკეთება არ გამოვა. სოზარ სუბარი თავის დროზე ჩემზე ამბობდა, სამწუხაროდ, ვერ გადავცემთ რუსეთს, რადგან საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს, რომელიც კრძალავს საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, მაგრამ იქნებ, შემოვუშვათ აქ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი და აქ დაკითხონო. მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის დაკვეთაა“, - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე ჩვენება აქვს მიცემული და მის მიერ დასახელებული ხუთივე პირის წინააღმდეგ, რომლებიც ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები არიან, სასამართლომ დაკავების ორდერები გამოსცა.
ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით (პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა) დაპატიმრებულები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია და ნიკა გვარამია. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.
8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. 7-7 თვით დააპატიმრეს კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
გივი თარგამაძის დაკავებას გამოეხმაურა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიკჰელსონი:
„რუსეთი, საქართველოს მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივ შეტევას ახორციელებს“, - წერს ის პლატფორმა X-ზე.
„ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულ პარლამენტში 5 თებერვალს შექმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც 2003-2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. ე.წ. საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. „ქართულ ოცნებას“ სურს აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არ აღიარეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, უარი თქვეს მანდატებზე და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
