სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, გატაცების ამსახველი კადრები კი სუს-ის ოპერატიულ ტექნიკურმა დეპარტამენტმა (ოტო) წაშალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
აფგან მუხთარლი, რომელიც 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი აზერბაიჯანში, პოლიციის იზოლატორში აღმოჩნდა. აზერბაიჯანში მუხთარლის ბრალად დასდეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2018 წლის თებერვალში, პატიმრობაში მყოფმა მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორობის მსხვერპლია. ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ილჰამ ალიევის ბიზნესს იძიებდა, რის გამოც თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს.
საქართველოს ხელისუფლებამ უარყო ჟურნალისტის ბრალდებები მის საქმესთან სამართალდამცავი უწყებების კავშირის შესახებ. 2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მუხთარლი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მუხთარლი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი მეუღლე და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამ დრომდე საქმეზე არცერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.
აფგან მუხთარლის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული.
გოგაშვილის მიერ ამ განცხადების გავრცელების შემდეგ, აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა შუამდგომლობით მიმართა გენერალურ პროკურორს და საქმის ეფექტიანი გამოძიება, მოწმის (იოსებ გოგაშვილის) უსაფრთხოების დაცვა, ასევე, გოგაშვილის და მის მიერ დასახელებული, მუხთარლის საქმესთან კავშირში მყოფი პირების გამოკითხვა მოითხოვა. პროკურატურას მუხთარლის საქმეზე სოსო გოგაშვილი ამ დრომდე არ დაუკითხავს.
იოსებ გოგაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოდგილის თანამდებობას იკავებდა, 2022 წლის 16 ივლისს დააკავეს. პროკურატურა გოგაშვილს ბრალს სდებს, რომ წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გოგაშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.