„გორჩაკოვის ფონდი“ ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში უფასო სტაჟირების პროგრამებზე იწვევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „გორჩაკოვის ფონდი“ ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში უფასო სტაჟირების პროგრამებზე იწვევს. ამის შესახებ განცხადება საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციამ გაავრცელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გორჩაკოვის ფონდი აცხადებს სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღებას შემდეგი მიმართულებებით: მედიცინა, ბირთვული ტექნოლოგიები და საერთაშორისო ურთიერთობები. აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება არჩეულ სფეროში და დაამყარონ პროფესიული კონტაქტები. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო დიალოგის განვითარებაში“, - ნათქვამია დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავზე გავრცელელებულ განცხადებაში.

სტაჟირების პროგრამები 12 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ობნინსკში განხორციელდება.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, სტაჟირების პროგრამა მედიცინაში მოიცავს რუსეთის წამყვან ჯანდაცვის დაწესებულებებში, უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, მკურნალობისა და დიაგნოსტიკური პროცესის ორგანიზების მონაწილეებისთვის გაცნობას, ხოლო სტაჟირების პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ახალგაზრდა უცხოელ სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ რუსეთის სამეცნიერო საზოგადოების ცხოვრებას, ეწვიონ სამთავრობო უწყებებს, მონაწილეობა მიიღონ ექსპერტთა სესიებში უნივერსიტეტებში, ანალიტიკურ ცენტრებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

რაც შეეხება ბირთვულ ტექნოლოგიებში სტაჟირებას, პროგრამა „როსატომის“ მხარდაჭერით ხორციელდება და ის „მიზნად ისახავს რუსეთის ბირთვული ტექნოლოგიების ძირითადი ტიპებისა და მათი გამოყენების სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორიცაა ენერგიის წარმოება, მედიცინა და სოფლის მეურნეობა, მონაწილეებისთვის გაცნობას“.

„ორგანიზატორები ფარავენ მონაწილეთა მგზავრობისა და განთავსების ყველა ხარჯს, ასევე გარანტიას იძლევიან სტიპენდიის გადახდას პროგრამაში მონაწილეობის მთელი პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ალექსანდრ გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის ფონდი“ (ცნობილი როგორც „გორჩაკოვის ფონდი“) რუსეთის სახელმწიფო ფონდია, რომელიც 2010 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, ბრძანებულებით დააფუძნა.

2022 წლის ივლისში, ევროკავშირმა „გორჩაკოივის ფონდს“ სანქციები დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფონდი შექმნილია პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსი თანამემამულეების მხარდასაჭერად კრემლის იდეოლოგიური მიზნების შესაბამისად.

ფონდი დაფინანსებას ძირითადად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იღებს და თავის მხრივ, აფინანსებს ანალიტიკურ ცენტრებსა და სამთავრობო-არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„გორჩაკოვის ფონდს“ საზღვარგარეთ ორი შვილობილი დაწესებულება აქვს - ცენტრები საქართველოსა და ბელარუსშია გახსნილი. 2013-2015 წლებში ფონდის საინფორმაციო ცენტრი კიევშიც ფუნქციონირებდა, თუმცა ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დახურა.

„გორჩაკოვის ფონდის“ მიერ არის შექმნილი თბილისი მოქმედი „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი“, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.