საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე 600 მილიონზე მეტი აშშ დოლარის გათეთრების შესახებ პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ მასშტაბის დანაშაული ხელისუფლების მაღალი ეშელონების მფარველობის გარეშე ვერ მოხდებოდა. გოცირიძე დარწმუნებულია, რომ ფული რუსული წარმოშობისაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
„როგორც პროკურატურის განცხადებიდან ჩანს, საქმე ეხება 2022-2024 წლებს (რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდს ემთხვევა). ამ ფაქტების შესახებ ალბათ ცნობილი იყო ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, მფარველებიც ეყოლებოდათ, რა თქმა უნდა, ამბავი კი თითქმის ერთი წლის შემდეგ გამოამზეურეს. ეს უკვე შიდაკლანური ბრძოლის კონტექსტში უნდა იქნას განხილული (ღარიბაშვილის მთავრობის მიმართ რეპრესიების დაწყების კუთხით).
მოკლედ, მრავალპლანიანი საკითხია და მეტი დეტალების გაგების შემდეგ ადვილი იქნება მთელი სურათის დანახვა. ერთი რამ ფაქტია - ასეულ მილიონობით დოლარი შემოვიდა, რაღაც ნაწილი აქ დარჩა. რას მოხმარდა, საკითხავი აი ეს არის.
შავი ფული, შავი იმპორტ-ექსპორტი, სანქციების გვერდის ავლა, ესაა ქართული ეკონომიკის რეალობა, რომელიც ასევე არის ეკონომიკური ზრდის ფაქტორი, ოღონდ ეს ნაზარდი ხალხამდე კი არ მიდის, არამედ მსგავსი სქემებით ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისა და ბიზნესის ჯიბეში ილექება“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში.
პროკურატურის ინფორმაციით, უცხოური ვალუტა საქართველოში მოსაზღვრე ქვეყნებიდან საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოდიოდა.
„ხაზგასმულია საბაჟოზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გომელაური [შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური] ან დოყლაპიაა, ან წილშია.
წარმოუდგენელი ოდენობით ფულის გათეთრებაა - გამოდის, ლილუაშვილი [სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი] არაპროფესიონალია ან წილშია.
მათი ოფიციალური უფროსი ღარიბაშვილი [ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი] ორი წელიწადი თვალს ხუჭავდა. ანუ ისიც დოყლაპია ყოფილა ან წილშია.
სინამდვილეში, ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მაღალი ეშელონების მფარველობის გარეშე“, – წერს გოცირიძე.
მისივე თქმით, პროკურატურის გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში უწყობდა ხელს:
„ანუ მილიარდობით დოლარის ეკვივალენტი ნაღდი ფული შემოდის და გადის არალეგალურად თუ ლეგალურად რუსეთიდან საქართველოში და პირიქით. უზარმაზარი ფული აკეთეს ხელუსუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, რომლის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინება აღნიშნული ფაქტია. მაინცდამაინც ამ ერთს პირსა თუ ჯგუფს რატომ მიადგნენ? რატომ გაამჟღავნეს ახლა, როცა სამ წელიწადზე მეტია ამუშავებდნენ ამ სქემას? ეს მხოლოდ ივანიშვილმა იცის. ეს ფაქტიც „ოცნების“ კლანურ გარჩევებს უკავშირდება“.
პროკურატურაში გუშინ, 16 სექტემბერს, განაცხადეს, რომ დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, რომლის ვინაობაც, პროკურატურას ამ დროისთვის არ დაუსახელებია.
საქმის მასალების მიხევით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
„დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას“, - განაცხადეს პროკურატურაში.
მათივე ცნობით, ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, ხოლო ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი 2022-2024 წლებში მოქმედებდა.
