MMA-ს მებრძოლმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი ქართველიშვილმა საქართველოში „ეროვნული ღირებულებების დაცვისა და მათ შეურაცხყოფაზე მყისიერი რეაგირებისთვის“ ახალი მოძრაობა შექმნა. კრიტიკოსების შეფასებით, ქვეყანაში პრაქტიკულად „ჩეჩნური მოდელის“ კოპირება ხდება, რაც გულისხმობს კრიტიკული აზრის ჩასახშობად არაფორმალური, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას... უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ვიწყებთ ბრძოლას. ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს“, - განაცხადა ქართველიშვილმა 27 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მოძრაობა იქნება „ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული“, თუმცა ეროვნული იდენტობის დასაცავად რადიკალური ზომებისთვისაც მზად არიან:
„არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი და, საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც წავიდეთ“.
ამ მოძრაობის შექმნას წინ უსწრებდა იუმორისტსა და პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეზე, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა. 19 ივლისს, კომედიურ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ხუმრობის შემდეგ, პროსახელისუფლებო მედიამ („იმედი“, POSTV, „რუსთავი 2“) იუმორისტის წინააღმდეგ ძალადობის წამახალისებელი კოორდინირებული კამპანია დაიწყო, თითქოს მან გარდაცვლილ მწერალს შეურაცხყოფა მიაყენა.
22 ივლისს ოქრიაშვილს რამდენიმე პირი დაესხა თავს. პოლიციამ მხოლოდ ერთი მათგანი, 39 წლის ნიკო ხურცილავა დააკავა, რომელსაც სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გიორგი ქართველიშვილი პროსამთავრობო მედიის ეთერით მეგობრის გათავისუფლებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ხურცილავა „ქვეყნის დასაცავად მოქმედებდა“.
27 ივლისის პრესკონფერენციაზე ქართველიშვილი ონისე ოქრიაშვილს კვლავ დაემუქრა და მისგან, ისევე როგორც სხვა იუმორისტებისგან, ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მისი თქმით, ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც სცენაზე მასთან ერთად სხედან და ხალისობენ.
„მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება, თუ დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში... ქართველი ერის ღირსების შემლახავ თითოეულ ქმედებასა და კომენტარზე მოვითხოვთ პასუხს. ვიმეორებთ, შევეცდებით, ეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში გავაკეთოთ, თუმცა თუ სხვა გზას არ დაგვიტოვებენ, არც პატიმრობის შეგვეშინდება“, - განაცხადა ქართველიშვილმა.
გიორგი ქართველიშვილი კახა კალაძესთან და რევაზ სოხაძესთან ერთად
იურისტების განმარტებით, საჯაროდ გაჟღერებული მუქარისა და უკანონო ფორმირების შექმნის ანონსის გამო, საგამოძიებო უწყებები ქართველიშვილის განცხადებებით დაუყოვნებლივ უნდა დაინტერესდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე თამარ ონიანი შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, საქმე გვაქვს ძალადობის ორკესტრირებასთან, სადაც კერძო დაჯგუფებები, მედია და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთობლივად მოქმედებენ:
„არსებული კონტექსტი იძლევა იმის მკაფიოდ თქმის საშუალებას, რომ ეს რაზმები დამოუკიდებლად არ და ვერ იმოქმედებენ. ამრიგად, ადამიანებს სპეცრაზმი დაარბევს თუ სადამსჯელო რაზმები, პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს ეკისრება“, - აცხადებს ონიანი.
დაჯგუფების შექმნის ინიციატივას „ქართული ოცნების“ პარლამენტში დადებითად აფასებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ორგანიზაციის შექმნა მისასალმებელია, თუმცა პროცესი კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს: „მნიშვნელოვანია და კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, რწმენისა და ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, თუმცა ეს ყველაფერი კანონის დაცვით უნდა მოხდეს“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა კი აღნიშნა, რომ მოძრაობას „მყისიერი რეაგირება“ ექნება და ყველამ თავი უნდა გააკონტროლოს. „თუ ვინმე ჩვენი მორალური და სოციალური სტანდარტების დარღვევას გადაწყვეტს, არც უნდა გაუკვირდეს, რომ მყისიერი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა წილოსანმა, თუმცა საზოგადოებას მოუწოდა, ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ მიმართონ.
ინიციატივას იწონებს „ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილიც, რომლის თქმითაც, დღეს ქართული იდენტობა დასაცავია: „იმ ხალხმა თუ იმდენი შეძლო, რომ კანონმდებლობის საფუძველზე აყალიბებს ორგანიზაციას, იმდენსაც მოახერხებს, რომ კანონმდებლობის ფარგლებში დაიცვას ქართული იდენტობა“.
